ონლაინგამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტის, ალექსანდრე ქეშელაშვილის ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 17 მარტს გამოაცხადებს. დღეს პროცესზე ორი პოლიციელი თამაზ თავაძე და გივი ბობოხიძე, ასევე „პუბლიკას“ ჟურნალისტი მამუკა მგალობლიშვილი დაიკითხნენ.
როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, 2024 წლის 29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიციელების თქმით, ალექსანდრე ქეშელაშვილი ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და მათ არ ემორჩილებოდა, მათივე მტკიცებით, ქეშელაშვილი ასევე იგინებოდა. პოლიციელების ჩვენებით, ჟურნალისტს პრესის ამომცნობი ნიშანი ვერ შენიშნეს.
ადვოკატების შეკითხვაზე, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ სამხრე კამერები არ ეკეთათ, რაც შეეხება გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ დოლიძემ თქვა, რომ ამის ამოღება ვერ შეძლეს.
„პუბლიკის“ ჟურნალისტის, მამუკა მგალობლიშვილის ჩვენებით, 29 ნოემბერს, ჭიჭინაძის ქუჩაზე ქეშელაშვილთან ერთად მუშაობდა, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და იდგნენ დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის, სადაც სხვა ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ. მოწმის თქმით, ალექსანდრე ქეშელაშვილს პრესის ბარათი, ჩაფხუტი, აირწინაღი ეკეთა და ორი კამერით მუშაობდა.
ადვოკატების განცხადებით, შსს-ს თანამშრომლების ჩვენებების სიცრუეს ვიდეომასალა ადასტურებს, რომელიც სასამართლოში მათ წარადგინეს და ჩანს, ქეშელაშვილი როგორ ასრულებს პროფესიულ მოვალეობას. მას ორი კამერა და პრესის ამომცნობი ნიშნები აქვს. კადრებში ჩანს, რომ ქეშელაშვილი კამერით კადრებს იღებს. ადვოკატების განცხადებით, კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ ჟურნალისტი არ ცდილობს პოლიციის კორდონის გარღვევას და მისი მხრიდან გინების შემთხვევაში პოლიციელები ამას ვერ გაიგებდნენ, რადგან აირწინაღი ხმას ახშობს.
ქეშელაშვილმა პროცესზე ის აირწინაღი გაიკეთა, რომლითაც აქციაზე იყო და მოსამართლეს მიმართა იმის საჩვენებლად, რომ აირწინაღი ხმას ახშობს და შეეგინებინა რვა მეტრში მდგარი პოლიციელები ამას ვერ გაიგებდნენ.
ქეშელაშვილის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურის დადგენილებით დადასტურებულია, რომ ქეშელაშვილს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალა და პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, მათივე თქმით, ეს იმ საქმის ფარგლებში, რომლის გამოძიებაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს და ქეშელაშვილი დაზარალებულადაა ცნობილი.
ქეშელაშვილის თქმით, როდესაც პოლიციელებს უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო უფრო გამეტებით ურტყამდნენ, ქეშელაშვილმა ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობები მიიღო. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღემდე არ უბრუნებს ორ ფოტოაპარატს, რომელიც დაკავების შემდეგ პოლიციელებმა წაართვეს.
შსს-ს წარმომადგენელი მარიამ დოლიძე მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ ჟურნალისტის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას დაუმორჩილებლობაში და წვრილმან ხულიგნობაში ითხოვს, ადვოკატები კი ჟურნალისტის დევნაზე საუბრობენ და მტკიცებულებების საფუძველზე საქმის შეწყვეტას მოითხოვენ.