„როგორც საქართველომ შექმნა ღვინო, ისე ღვინომ შექმნა საქართველო. დღეს საქართველო რომ ასეთია, ამის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ნაწილი 8 ათასწლოვანი ღვინის ისტორიაა“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა უნიკალური ენოთეკის გახსნასთან დაკავშირებით.
თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებულ ენოთეკაში, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება. კოლექცია ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებს აერთიანებს.
ღვინის ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. იგეგმება ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების ბოთლების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის დადგენა.
„ეს არის უდიდესი საგანძური, ღვინის კოლექცია. უნდა დავიწყოთ მისი იდენტიფიკაცია /ვერიფიკაცია. ენოთეკა ბოლოს 2002 წელს აღიწერა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა მდგომარეობაა დღეს და, შესაბამისად, ეს გამოვიყენოთ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ სათქმელად, რომ ღვინო ქართველია და ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს. ამ ისტორიის ხელშესახები ნაწილია ის კოლექცია, რომელიც საქართველოში ინახება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
„ერთია 8 ათასწლიანი უნიკალური ისტორია და მეორეა თანამედროვე გამოწვევები. დღეს უკვე არის ის დრო, რომ ღვინო ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. 1961 წლის შემდეგ, ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო კვლავაც დარჩეს კონკურენტუნარიანი, ხარისხობრივად უფრო მეტად გავაუმჯობესოთ და სამყაროს ყურადღება ქართული ღვინისადმი კიდევ უფრო მივიპყროთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.









