აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩაის კულტურის დამაარსებლის შთამომავალთან, პეკინის უნივერსიტეტის პროფესორ დევიდ ლიუ ჰაოსთან.

შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ლაშა მიქელაძე ესწრებოდა, განიხილეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს სახელობის ქართული ჩაის თანამედროვე, ციფრული მუზეუმის შიდა სივრცისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა, ასევე მისი სამომავლო განვითარების საკითხები.

ამ ეტაპზე დასრულდა შენობის ინტერიერის პროექტირება, ამასთან აქტიურად მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.  აღნიშნული პროექტი მუზეუმის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს. პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა  შენობის ფასადის რეაბილიტაცია და ინტერიერში ჩატარდა კონსტრუქციული სამუშაოები.

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები, რომლებიც მუზეუმს ჩინელი აგრონომის პირად ნივთებს გადასცემენ და უზრუნველყოფენ საგამოფენო სივრცის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ირმა აბულაძე და ბადრი ნაკაშიძე, ასევე დევიდ ლიუ ჰაოს წარმომადგენელი ინნა ჟონგი. - ნათქვამია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გავრცელებულ ინფოორმაციაში.