ქალაქ პარიზში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „ცხოველთა ჯანმრთელობის დაფინანსება: სტრატეგიული ინვესტიცია“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაავადებებისგან თავისუფალი ოფიციალური სტატუსი განიხილება არა მხოლოდ პირდაპირი ეკონომიკური სარგებლის, არამედ, ეროვნული ვეტერინარული სისტემის სიძლიერისა და სანდოობის თვალსაზრისით.
„ასეთი აღიარებები ადასტურებს, რომ ქვეყანას გააჩნია ეფექტიანი ვეტერინარული მართვის სისტემა, მათ შორის დაავადებების ზედამხედველობის მექანიზმები, ლაბორატორიული შესაძლებლობები, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის სისტემა, საგანგებო რეაგირების მექანიზმები და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WOAH) გამჭვირვალე ანგარიშგება. ასეთი აღიარება აძლიერებს სავაჭრო პარტნიორების ნდობას, ხელს უწყობს ბაზრებზე წვდომას და ამყარებს საქართველოს, როგორც სანდო და პასუხისმგებლიანი სავაჭრო პარტნიორის რეპუტაციას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლის დროს, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს თბილისში გამართული მსოფლიო ვეტერინარიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველოსა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WOAH) შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება ვაჭრობისა და ტრანსპორტირების მიმართულებით. გვჯერა, რომ ძლიერი ვეტერინარული სისტემები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა მხოლოდ დაავადებების პრევენციაში, არამედ რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური მდგრადობისა და უსაფრთხო ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებაში თანამედროვე ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მინისტრმა ყურადღება ცოფის კონტროლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2013 წლიდან, საქართველოში დაიწყო ცოფის პრევენციისა და კონტროლის ეროვნული პროგრამა. ხელშესახები შედეგები მიღწეულია. 2013 წელთან შედარებით, რომელიც საბაზისო წლად განიხილება, საქართველოში ცხოველებში ცოფის შემთხვევები დაახლოებით 93%-ით შემცირდა.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი.










