"დავით კაკაბაძე & მინანქრის სამკაულები და საათები“ დაარსებიდან 25 წლის იუბილესა და საათების კომპანია Patek Philippe-თან თანამშრომლობის დაწყებას აღნიშნავს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით 9 დეკემბერს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ საგამოფენო დარბაზში გაიხსნა დავით (დათი) კაკაბაძის საიუბილეო გამოფენა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო. 
გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეკლესია-მონასტრებში არსებული ხატები, საეკლესიო ნივთები, საიუველირო ნაკეთობები და მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული საათების კომპანია Patek Philippe-თან თანამშრომლობით შექმნილი მაგიდის საათი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილია ხატი - „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“, რომელიც ერთადერთია და შექმნილია ოთხი ურთულესი ტექნიკით - მიკრომოზაიკა, ტიხრული მინანქარი, ჭედურობა და ფილიგრანი. ექსპოზიცია ეძღვნება საქართველოს პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეებს.


 საიუბილეო გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, „სილქ ჰოსფითალითი“ და სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია - თბილისი“. 


 დავით კაკაბაძემ მინანქრისა და ოქრომჭედლობის სახელოსნო 1998 წელს დააარსა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის, ლოცვა-კურთხევით. სახელოსნოში, ძირითადად, იქმნება ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრითა და ოქრომჭედლობით შემკული საერო და საეკლესიო ნივთები - ხელნაკეთი და მაღალი ტექნოლოგიით შესრულებული. კომპანია აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, არის მულტიფუნქციური და მოიცავს რვა სახელოსნოს. კომპანია „დავით კაკაბაძე & მინანქრის სამკაულები და საათები“ გამოირჩევა ტიხრული მინანქრის ოსტატური, ურთულესი შესრულებით; მისი ნამუშევრები საქართველოსა და მსოფლიოს ეკლესია-მონასტრებში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია წარმოდგენილი. მათ შორის არის: წმ. ათონის მთა - ივერონი, ვატოპედი, დოქიარი, სიმონო-პეტრა, წმ. კინოტი და სხვა მონასტრები; იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, იერუსალიმის საპატრიარქო; ბეთლემის შობის ტაძარი; საქართველოში სვეტიცხოველი, სამთავრო, სამების საკათედრო ტაძარი, სიონი და სხვ. 


 დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე შეეძლება.