თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად, შენობის სახურავის, ფასადისა და მისი შემადგენელი დეტალების, შემდეგ კი ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.

სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„უკვე დაწყებული გვაქვს ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. ტერიტორია სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად, დავიწყეთ ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ადგილზე მძიმე მდგომარეობა იყო - დარბაზი ფაქტობრივად, მთლიანად განადგურებულია. სასახლის სამუშაოები ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია გარე ფასადის სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება, შემდეგ უკვე, მომდევნო წლის ბოლოსთვის, პროექტი სრულად დასრულდება შიდა სამუშაოებით, ოთახების კეთილმოწყობით, დარბაზის განახლებით და ა.შ. მიხარია, რომ აღნიშნული სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ძალიან დიდ ისტორიას ატარებს, სრულად რეაბილიტირდება“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც, დაახლოებით, 29 მილიონი ლარია გამოყოფილი, კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა ვერის პარკში 1972-1973 წლებში აშენდა და ქართული გვიანი მოდერნიზმის ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარია. ის აგებიდან დღემდე, არქიტექტურული, ურბანული და სიმბოლური თვალსაზრისით, ვერის პარკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ადგილზე, დედაქალაქის მერთად ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.