ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების მიერ ცნობიერების ამაღლების, ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებისა და ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის ხელშეწყობის მიმართულებით არსებული პროგრამებისა და განხორციელებული კამპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე: ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებების ანაზღაურებისა და ხანგრძლივობის ზრდა; ბავშვზე გასაცემი ფულადი დახმარება და საბინაო პოლიტიკა.

„სამუშაო ჯგუფის მიზანია სამინისტროებთან, მთავრობასთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, საპატრიარქოსთან და გაერო-ს მოსახლეობის ფონთან ერთად განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც არის დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში, ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და სამინისტროში გაიგზავნა შეკითხვები, რომელთა პასუხებიც დღეს გავაანალიზეთ. ასევე, დავგეგმეთ მომდევნო შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობასთან ერთად, აუცილებლად შევიმუშავებთ ისეთ რეკომენდაციებს, რომელიც ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ პოლიტიკას“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდნენ როგორც პარლამენტის წევრები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.