ბათუმში საოცრებათა პარკში მდებარე "ალი და ნინოს" ქანდაკება ადგილს შეიცვლის. ქანდაკების ადგილმონაცვლეობის მიზეზი მისი შესაძლო განადგურებაა. ბოლო წლების მანძილზე გახშირებული შტორმული პროცესების შედეგად ქანდაკებას საძირკველის ნაწილი გამოეცალა. ე.წ. "პიშევიკების" (ასე უწოდებენ ადგილობრივები) ტერიტორია, სადაც ქანდაკებაა განთავსებული შტორმულად არც ისე აქტიური ტერიტორიაა, თუმცა, ქანდაკების საძირკველი მაინც დაზიანდა. 

სიყვარულის თემაზე შექმნილი თამარ კვესიტაძის მექანიკური ქანდაკება ბათუმში 2010 წელს დაიდგა. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თავის დროზე სპეციალისტების დასკვნა და შესაძლო რისკები გათვალისწინებული არ იქნა. "ქანდაკება თავის დროზე კანონდარღვევით, ტექნიკური დეტალების  გათვალისწინების გარეშე დაიდგა, რის გამოც მას ზღვამ საძირკველი დაუზიანა" - ამბობენ "ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში".

ქანდაკების ადგილმონაცვლეობისთვის  "ბათუმის ბულვარის"  ბიუჯეტში 240 ათასი ლარია გათვალისწინებული. კონკრეტულად როდის და  სად  მოხდება ქანდაკების გადატანა დაზუსტებული არ არის.

თავად ავტორი, თამარ კვესიტაძე ამბობს, რომ მას ძეგლისთვის უფრო შესაბამის ადგილად ახალი ბულვარი მიაჩნდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ხელისუფლებამ საოცრებათა მოედნის ტერიტორია შეარჩია. "მე ვფიქრობ ე.წ. პიონერთა პარკს უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ეს ბათუმელების გადასაწყვეტია. მე ის დეტალი არ მომწონს, რომ ქანდაკებასთან დგას დიდი ეშმაკის ბორბალი და ხელს უშლის ქანდაკების აღქმას"  - ამბობს კვესიტაძე. ქანდაკების დადგმამდე მისი სავარაუდო მდებარეობა ბათუმის  ახალ  ბულვარში, იუსტიციის სახლის პირდაპირ, არდაგანის ტერიტორია იყო, თუმცა მოგვიანებით იგი ახლადშემქნილი "საოცრებათა მოედანის" გასწვრივ, ზღვისპირას დაიდგა. 

ბათუმის მერიას თამარ კვესიტაძის "ალი და ნინოს" ქანდაკების  დადგმისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან  თანხა ორჯერ გამოეყო. პირველად 465 000 ლარი და მეორედ – 400  000 ლარი. ჯამში 9 მეტრიანი ქანდაკება მუნიციპალიტეტს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა, რასაც დაემატება ადგიმონაცვლეობის თანხა, დაახლოებით 240 ათასი ლარი. 

მემედ აბაშიძის "მოხეტიალე" ძეგლი

"ალი და ნინო"  პირველი სკულპტურა არაა, რომელიც ადგილს იცვლის. ბათუმში უკვე წლებია ძეგლები "დადიან". მემედ აბაშიძის ძეგლის დამზადება 2002 წელს ასლან აბაშიძემ ამაშუკელს შეუკვეთა. ძეგლი მალევე ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან განთავსდა და იგი აჭარის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გახსნეს. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ 2005 წლის ოქტომბერში ძეგლი ბულვარის ტერიტორიიდან აიღეს და მემედ აბაშიძის ქუჩაზე, აჭარის მტავრობის სახლის უკან, კუთხეში დადგეს. 2013 წელს კი ძეგლს ადგილი ისევ შეუცვალეს და მისი მეორე ადგილმდებარეობასთან ახლოს, ევროპის მოედანზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდით სკვერში დადგეს. ბოლო ადგილმონაცვლეობა ბათუმის ბიუჯეტს 20 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. საზოგადო მოღვაწის, მწერალი და პუბლიცისტი მემედ აბაშიძე ასლან აბაშიძის წინაპარი იყო. იგი სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა. მემედ აბაშიძე  აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენიმეჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას. 1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, თბილისში ჩავიდა და სათავეში ჩაუდგა "სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტს". 1919-1921 წლებში რედაქტორობდა გაზეთ "სამუსლიმანო საქართველოს". მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. ავტორია რამდენიმე მოთხრობისა.

მემედის ძეგლი ნაგავსაყრელზე

ბათუმის მსგავსად მემედ აბაშიძის ძეგლს არ წყალობენ ქობულეთში. პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ძეგლი 2003 წელს დაამზადეს და იგი ქალაქ ქობულეთში უნდა დაედგათ, თუმცა რევოლუციის შემდეგ ძეგლი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა. ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი ძეგლი 2004 წლიდან ქობულეთის ნაგავსაყრელზეა და საჭირო თანხები არ გამოყოფილა, ისევე როგორც არ გადაწყვეტილა თუ სად უნდა დაიდგას ძეგლი. 

ძეგლი სოფელ გელაურში, ღია ცის ქვეშ დევს, სადაო ტერიტორიაზე, რომელსაც ა.ი.პ. "ქობულეთის სოფლის წყალი" და შ.პ.ს. "ტრანსრეგულირება" იყოფენ. თუმცა ორივე მხარე დარწმუნებულია,  რომ მემედ აბაშიძის ძეგლი არც ერთისთვის  ჩაუბარებიათ და  არ იციან,  საიდან აღმოჩნდა ძეგლი იმ ტერიტორიაზე

"გაფრენილი" არწივი

ის, რომ ასლან აბაშიძეს ცხოველები უყვარდა აჭარის მცხოვრებლებისათვის ცნობილი ფაქტია. ასლანის კავკასიური (ქართული) ნაგაზის ძაღლსაშენისა და სირაქლემების შესახებ ტელე-რეპორტაჟები და საგაზეთო სტატიები არაერთხელ მომზადებულა. მისი აჭარიდან წასვლის შემდეგ ჯერ სირაქლემები გაუჩინარდნენ, შემდეგ კი ძაღლსაშენი განადგურდა. ასლანის საყვარელი ქართული ნაგაზი "ბასმაჩა", ვარდების რევოლუციის შემდეგ მალევე თვითმფრინავით მოსკოვში გაუგზავნეს. 

ასლან აბაშიძის ინიციატივით ბათუმში ევროპის მოედანზე კვარცხლბეკზე არწივის ქანდაკება დაიდგა. რამდენიმე მეტრის, ფრთაგაშლილი არწივი იმდროინდელ ერას მოედანს წლების მანძილზე გადაჰყურებდა, თუმცა 2007 წელს, იგი კოლხი მედეას ქანდაკებამ ჩაანაცვლა. მაღალ კვარცხლბეკზე ცალ ხელში კაბის კალთითა და მეორე ხელში ოქროს საწმისით მედეა თურქეთისაკენ იყურება. ძეგლთან ფოტოებს ხშირად იღებენ ტურისტები, თუმცა ნაკლებ სარწმუნოა იცოდნენ ვინ იყო მედეა, ქალი, რომელის სახელსაც უკავშირდება მედიცინა და კოლხური ლეგენდა. 

არწივი, ევროპის მოედნიდან  "6 მაისი პარკში", დაზიანებულ მდგომარეობაში, უკვარცხლბეკოდ  და ფრთამოტეხილი პარკის ერთ-ერთ კუთხეში აღმოჩნდა. მალევე კი არწივი საერთოდ გაქრა. ძეგლის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ბათუმის მერიაში და 6 მაისის პარკის ადმინისტრაციაში. ფრთამოტეხილი არწივის ქანდაკება თავად ვერ გაფრინდებოდა და იგი "ბასმაჩას" მსგავსად არც ასლანის აბაშიძისთვის გაუგზავნიათ.  ძეგლი ქალაქის ცენტრიდან გაქრა. 

გალაკტიონი და საათი

გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი ბათუმში ევროპის მოედანზე წლების წინ დაიდგა. ძეგლი მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში იყო განთავსებული. 2006 წელს ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ძეგლს ადგილი შეუცვალეს და ტაბიძის ქუჩაზე გადაიტანეს. ევროპის მოედანზე კი, სადაც ძეგლი იდგა საათი დაიდგა. საათი თავისი არსებობის მანძილზე რამდენჯერმე გაჩერებული იყო. მისი ღირებულება 20 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში იყო, რაც შეეხება ტაბიძის ძეგლის გადატანის ხარჯებს, ჩვენთვის უცნობია. 

ილია თეატრის წინ და უკან

"ილია ჭავჭავაძის ქანდაკება" ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან 1982 წელს დაიდგა.  ილიას ძეგლი საავტორო ჩანაფიქრიდან, კომპოზიციური გადაწყვეტიდან გამომდინარე, საფასადო მრგვალ ქანდაკებას წარმოადგენს და მისი აღქმა, სამი და არა ოთხივე მხრიდან ხდება.  სწორედ ეს იყო "განაჩენის" მთავარი არგუმენტი, რის გამოც 

2010 წელს ძეგლს ადგილი შეუცვალეს და თეატრის უკანა მხარეს გადაიტანეს. როგორც მაშინ ამბობდნენ, ილიამ თავისივე სახელობის თეატრს "ზურგი იმიტომ აქცია", რომ  ძეგლის უკანა ნაწილის აღქმა არ ხდებოდა. დღეს ილია და ტეატრი ზურგშექცევით არიან, ილია საოცრებათა მოედანს გაჰყურებს თეატრი კი ილიას შემცვლელ ქანდაკებას. 

ილია ჭავჭავაძის ძეგლი არც მეტი არც ნაკლები ღმერთმა ჩაანაცვლა. რომაული მითოლოგიიდან ზღვებისა და ოკეანეების მრისხანე ღმერთმა - ნეპტუნმა.  ნეპტუნის ქვემოთ ოთხი ქალთევზას, რომელთა მკერდიდანაც წყალი გადმოდის. თითბერის მასალისგან დამზადებული ძეგლი ჩინეთიდან ჩამოიტანეს და მისმა ღირებულებამ 500,000 ზე მეტი შეადგინა. 2011 წელს ძეგლი მოაოქროვეს. 

"შინ მოუსვლელები" და საბაგირო

ბათუმში, ქალაქის შესასვლელ ნაწილში მეორე მსოფლიო ომში 1941-1945 წწ. დაღუპულთა უკვდავ საყოფად აღმართული ობელისკის ადგილმონაცვლეობის შესახებ გადაწყვეტილება 2012 წელს მიიღეს. ობელისკი სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მათი შვილები ყოველ წლის 9 მაისს ყვავილებით მიდიოდნენ და სადაც "მარადიული ცეცხლი" მხოლოდ ამ დღეს ენთო. ობელისკი ქალაქის ცენტრიდან  სერგი მესხისა და 31 დეკემბრის ქუჩის კვეთების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა გადატანილი. მის ადგილას კი საბაგირო გზა აშენდა, რომელიც 2013 წელს გაიხსნა. 2600 მეტრის სიგრძის საბაგირო გზას 10 წუთი ჭირდება ბათუმიდან ფერიის მთამდე მოძრაობისთვის. საბაგირო "არგოს" მშენებლობა კერძო ინვესტრიცია იყო, რომელმაც 23 მილიონი ლარი შეადგინა.