უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს უწევს, განცხადებას ავრცელებს.
"„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისთვის სივრცის შემცირებასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების სიმბოლოდ იქცა, დღეს დასრულდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები წარმოადგინა.
ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა, რომელიც საქმეს აკვირდებოდა, შეშფოთებულია მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებით და იმით თუ როგორ წარიმართა პროცესი.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ სამართლიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – ნათქვამია კლუნების ფონდის განცხადებაში.
რა ხდება?
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობდა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს არ გაითვალისწინა და მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის პოლიციელზე თავდასხმაში ადანაშაულებს – სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
ავტორიტეტული უფლებადამცველების შეფასებით, სილის გაწვნა, რასაც არანაირი ზიანი არ მოჰყოლია, არათუ თავდასხმა, საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სილის გაწვნა რომ თავდასხმა არ არის, ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.
მზია ამაღლობელის საქმეში არაერთი ცრუმოწმეა და ყველა მათგანი პოლიციელია.
მზია ამაღლობელის პატიმრობის განმავლობაში „ოცნების“ ლიდერები არღვევენ მზია ამაღლობელის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მას აბრალებენ, თითქოს მზია ამაღლობელი „დავალებით მოქმედებდა“, მაშინ როცა მსგავს ბრალდებას მზია ამაღლობელს პროკურატურაც კი არ უყენებს.
მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის [CPJ], პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის [IPI] და რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს [RSF] წარმომადგენლები 13 ივლისს რუსთავში, ქალთა კოლონიასთან მივიდნენ და ასე გამოხატეს სოლიდარობა უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის მიმართ. ისინი ბათუმის სასამართლოში 14 ივლისს პროცესსაც დაესწრნენ.
მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.
ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტი „გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი [მზია ამაღლობელის] მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“. - ნათქვამია განცხადებაში, რომლის თარგმნას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო სახელაშვილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს გამოაცხადებს