დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სადაც მზია ამაღლობელი საბოლოო სიტყვით გამოვიდა.
"მახსოვს ერთხელ სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, ბრალდების კვალიფიკაციას თუ არ ეთანხმებით, [სილის გაწვნას] რომელი მუხლი ერგებაო.
ამას გვეკითხება პროკურორი, როცა გამომძიებელმა ისე შეკრა საქმე და მოიტანა სასამართლოში, რომ ჩემთვის კითხვა არ დაუსვამთ, ჩემი აზრი არ აინტერესებდათ.
დარწმუნებული ვარ, თავის დროზე, გამომძიებლებს პროფესიული კითხვები რომ დაესვათ, მიუკერძოებელი გამოძიება რომ ჩაეტარებინათ, დგებუაძის ინტერესები რომ არ გაეტარებინათ, ეს საქმე თავდასხმის კვალიფიკაციით არ შემოვიდოდა სასამართლოში.
სისხლით დავიჭერო, შემპირდა [დგებუაძე], 4-დან 7 წლამდე, პროკურატურაც მის სამსახურში ჩადგა. მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზე, თუ რა სასჯელი მერგება.
ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება. ეს თქვენი სასჯელიც იქნება ბატონო პროკურორებო, ყველა იმ პირის პროფესიული სასჯელი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართული იყო ამ საქმეში
ჩემი დაპატიმრების პირველი დღიდან ამ სასამართლო დარბაზში არაერთგზის მკაფიოდ დამიფიქსირებია, რომ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, განსხვავებით, ე.წ. დაზარალებული დგებუაძისგან. კანონში არსებობს ჩემი ქმედებისთვის, სილის გაწვნისთვის ადეკვატური მუხლი". - განაცხადა მზია ამაღლობელმა ბოლო სასამართლო სხდომაზე. მის სიტყვის სინქრონს "ბათუმელები" აქვეყნებს.
შეგახსენებთ, 21 ივლისის სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა თორნიკე გოგეშვილმა მხარეს საპროცესო გარიგება შესთავაზა. როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატი აცხადებს, საპროცესო გარიგებაზე შეთავაზება არის ფაქტობრივად ზეწოლის ტოლფასი.
„მზია ამაღლობელის პოზიცია ყველასათვის ცნობილია. ის არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა ახალი შეთავაზება, სულ მოითხოვს ხელისუფლება, რომ მზიამ აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება“, – განაცხადა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 18 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარინა ფომაევამ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი მეორედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და პლაკატის გაკვრისთვის 1000 ლარით დააჯარიმა.
"ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს, მზია იმყოფებოდა აქციაზე, გააკრა სტიკერი და რამდენიმე წუთში დააკავეს, არის აბსოლუტურად ერთი და იგივე ქმედება. ამასთან, არ არის და ვერ მოვიპოვეთ განმარტება კანონში, სად შეიძლება დამახინჯდეს იერსახე ქალაქის და სად – არა. ამაზე სასამართლოსაც მივმართეთ განემარტა, თუმცა თავი არ შეუწუხებია“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა.
ასევე გრძელდება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, რომელიც 23 ივნისს განახლდება.
2025 წლის 7 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ახალი ოქმი შეადგინეს- ამჯერად ედავებიან, რომ შენობის იერსახე დაამახინჯა იმ საპროტესტო პლაკატით, რომელიც გაკვრისთანავე ააძრეს
ცნობისთვის, 2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის შეცვლაზე ადვოკატების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
სააპელაციო სასამართლოში 14 თებერვლის ის გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლითაც ბათუმის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე ასევე უარი თქვა.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2025 წლის 28 აპრილს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და ისევ პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა.