რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

16 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას აგრესია ისევ არ შეუჩერებია.

საქართველოს ჩრდილოელი “მეზობელი” ისევ ცდილობს ტერიტორიების ოკუპაციას, პერიოდულად აფართოებს საზღვრებს და რამდენიმე მეტრის გადმოწევით საქართველოს ტერიტორიის მითვისებას ახდენს. ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად NATO-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა.

სამიტზე, რომელიც 2008 წლის აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა ღიად განაცხადეს, რომ საქართველო NATO-ს წევრი აუცილებლად გახდებოდა, რამაც რუსეთის უკიდურესი გაღიზიანება გამოიწვია. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს NATO-ს პოზიციის საპასუხოდ „საშინაო მონახაზები“ მზად ჰქონდა.

7 აგვისტოს, ცხინვალში, დე ფაქტო ვიცე-პრემიერ ბორის ჩოჩიევთან მოლაპარაკების გასამართად საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, არ დაესწრო. ქართველმა მინისტრმა რუსი სამშვიდობოების სარდალთან, მარატ კულახმეტოვთან შეხვედრა მოახერხა. 

8 აგვისტოს, დაახლოებით 00:30 საათზე საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ-ოსურ კონფლიქტის ზონაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

9 აგვისტოსთვის თითქმის ყველა ქართული ინტერნეტდომენი ძიებადი აღარ იყო. რამდენიმე სამინისტროს, საქართველოს ბანკის და პარლამენტის ვებგვერდი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტის შინაარსი შეიცვალა ჰიტლერისა და სააკაშვილის სურათებმა.

10 აგვისტოს ზოგიერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს საიტი უკვე ფუნქციონირებდა, ხოლო 11 აგვისტოსთვის უმრავლესობა. ქართულმა შენაერთებმა ცხინვალი დაიკავეს, თუმცა, რუსული ავიაციის იერიშების შემდეგ იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიშები მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი. რუსულმა ავიაციამ დაბომბა: ვაზიანის ბაზა, სავიაციო ქარხანა, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, ასევე ფოთის პორტი. რუსეთის 58-ე არმიამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტრიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, ზუგდიდი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი, საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. 

სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა.

 26 აგვისტოს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ე.წ. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანება გამოსცა. რუსეთის გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა კიდევ ხუთმა სახელმწიფომ – ვენესუალა, ნიკარაგუა, ნაურუ, ტუვალუ და ვანუატუ აღიარა, თუმცა მოგვიანებით ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რუსული ინტერვენციის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო დაიჭრა 1 747. დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო მოსამსახურე, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.  

 1-7 აგვისტო: დაპირისპირების ესკალაცია გვიან 1 აგვისტოდან ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა. 4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბის სიახლოვეს იქნა დისლოცირებული, ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს. სროლები გრძელდებოდა მომდევნო რამდენიმე დღეს. 6 აგვისტოს საქართველოს განცხადებით, ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, რის გამოც სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა. ცხინვალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა. 7 აგვისტოსთვის შსს-ს განცხადებით, ათი ჯარისკაცი დაიღუპა. „კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურად იქნა შემოტანილი“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობირივი დროით 19:10 საათზე პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში. დღის ბოლოსთვის პრეზიდენტის ბრძანებით, ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტაზე გამოაცხადა. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში“ და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია. ცეცხლის ორმხრივ შეწყვეტაზე სააკაშვილის წინადადების შემდეგ, თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. სოფელი ავნევი თითქმის სრულიად განადგურდა, თამარაშენი და ფრისი დაიბომბა. მშვიდობიანი მოსახლეობა სოფლებიდან გაიხიზნა. 7 აგვისტოს 22:00 საათზე ოსები სოფელ ავნევის აღებას ზეიმობდნენ. 7 აგვისტოს 22:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ დამყარება იყო. 22:45 საათზე OSCE-ს მონიტორების განცხადებით, ჭურვები ცხინვალზე ყოველი 15-20 წამის ინტერვალით ეცემოდა. ქართველები 27 ნაღმსატყორცნსა და 152 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ. ედუარდ კოკოითის განცხადებით, მისი ძალები ქართველებს ცხინვალის მისადგომებთან ებრძოდნენ. ქართული დაზვერვის ცნობით და რამდენიმე რუსულ წყაროზე დაყრდნობით, 58-ე რუსული არმია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა როკის გვირაბით, სანამ ქართული მხარე იერიშს დაიწყებდა. 04:45 საათზე საქართველოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოაცხადა, რომ ცხინვალი თითქმის აღებული იყო და ქართული ძალები რეგიონის ორ-მესამედს აკონტროლებდნენ. ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თაიმურაზ მამსუროვის განცხადებით, საქართველოს შეიარაღების რამდენიმე სუხოი სუ-25 თვითმფრინავი დაესხა თავს, როგორც თავად იძახის, ვლადიკავკაზიდან წამოსულ ჰუმანიტარულ ტვირთს. მისივე განცხადებით, ასობით შეიარაღებული მოხალისე დაიძრა ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში. აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფშის განცხადებით, მოხალისეები აფხაზეთიდანაც გაემართნენ სამხრეთ ოსეთის დასახმარებლად. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სასწრაფო შეხვედრა გამართა ნიუ-იორკში, გამოხატა „სერიოზული შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის გამო“. 

8 აგვისტო – რუსეთის ჩართვა 8 აგვისტოს დილას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად. ნახევარ საათში, საქართველოს წყაროების ცნობით, სამი რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში იჭრება და ორ ბომბს აგდებს ქარელის პოლიციის სადგურთან. რამდენიმე ბომბი გორის სიახლოვესაც ჩამოვარდა, თუმცა მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს, თუმცა ფაქტები დაადასტურა ბრიტანულმა „დეილი ტელეგრაფმა“. 11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით მობილიზირებულ იქნა ქართული სარეზერვო ჯარები რუსეთის მიერ „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან“ თავდაცვისთვის და მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა „ქართული ქალაქების დაბომბვა“. სამხრეთ ოსეთში რუსეთის გარნიზონის მეთაურის განცხადებით, ქართული ნაღმები ცხინვალში პირდაპირ მათ ყაზარმებს მოხვდა, რის შედეგადაც 12 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. ქართული მხარის ცნობით, 15:00 საათზე მათ სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, მარატ კულახმეტოვმა.

რუსეთის 58-ე არმიის ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ გადაადგილება, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა. 8 აგვისტოს პრესის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს, კონფლიქტის ზონისკენ მომავალი Т-72 ტანკები, БМП-2 საქვეითო საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2ჩ3 Aკატსია თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები. რუსული მედიის განცხადებით, ქართული ჯარები ცხინვალიდან უკან იხევენ და რუსული სუ-24 და სუ-27 თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს. კულახმეტოვის განცხადებით, მძიმე არტილერიის გამო ცხინვალი თითქმის სრულიად დანგრეული იყო. „ფრანს პრესის“ ცნობით, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, თუ ცნობები რუსული ტანკების შესახებ ცხინვალის რეგიონში დადასტურდებოდა, საქართველო რუსეთს ომს გამოუცხადებდა. რუსეთის ტანკების ცხინვალში შესვლა მცირე ხანში დაადასტურა CNN-მა. იმავე ღამეს რუსული და ოსური ძალები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ.

რუსეთის ავიამოიერიშეებმა გორის დაბომბვა დაიწყეს. შსს-ს ცნობით, რუსულმა ბომბდამშენებმა ორი ბომბი ჩამოაგდეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე. რუსულმა თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს სამხედრო აეროდრომი მარნეულში, რამაც ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რომელთაგან სამი ქართველი ჯარისკაცი იყო. დაახლოებით 23:45 საათზე, რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს ფოთის პორტზე, 58-ე არმიის კუთვნილი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექს ე.წ. ტოჩკა-უ-თი გაშვებულ ორი რაკეტა ჩამოვარდა ფოთის ცენტრში. რუსული მედიის განცხადებით, სროლები რუსულ და ქართულ მხარეებს შორის ღამით ისევ განახლდა. უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ „როიტერს“ განუცხადა, რომ სააკაშვილი ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებდა. ლომაიას განცხადებით, რუსები აგრძელებდნენ სამოქალაქო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის დაბომბვას. დილით ადრე, ასევე დაიბომბა ვაზიანის აეროდრომის ასაფრენი ბილიკი. საქართველომ აკრძალა რუსული ტელეარხების ტრანსლაცია ქვეყანაში, რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ომის წარმოების გამო. რუსეთმა გაწყვიტა საჰაერო კავშირი საქართველოსთან. რუსეთის ბომბდამშენებმა დაბომბეს სენაკის სამხედრო ბაზა. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა.

დაახლოებით 09:00 საათზე უცნობი წყარო რუსეთის სამხედრო სამეთაურო ცენტრიდან რუსულ მედიას ატყობინებს, რომ 58-ე არმიის ქვედანაყოფებმა სრულიად გაწმინდეს ცხინვალი ქართული ჯარებისგან. 09:27 საათზე როიტერის ცნობით, ორმა რუსულმა მოიერიშემ ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა გორთან. ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაიბომბდა საცხოვრებელი კორპუსი გორში. 09:41 საათზე „რია ნოვოსტი“ იტყობინება, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა. რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის, იკორ კონაშენკოვის განცხადებით, ისინი გადაიყვანეს რუსული სახმელეთო ჯარების გასაძლიერებლად. მანვე განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების 98-ე ივანოვოს დივიზია და მოსკოვის 45-ე სადაზვერვო ჯგუფი „სპეცნაზი“ ასევე გადაინაცვლებს კონფლიქტის რეგიონში. 09:57 საათზე რუსული მხარე იუწყება, რომ 58-ე არმიამ სრულიადა გაწმინდა ცხინვალი ქართული შეიარაღებული ძალებისგან. 11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა 15 დღის განმავლობაში. 12:30 საათზე სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს. 13:41 საათზე მედიის ცნობით რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. საქართველოს მთავრობის წყაროზე დაყრდნობით, როკის გვირაბი, რომელსაც რუსები იყენებდნენ მძიმე ტექნიკის შემოსაყვანად, განადგურებულია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ცნობა უარყო. რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურის თანაშემწე ვლადიმირ ივანოვმა განაცხადა, რომ ბრძოლები მიმდინარეობდა სოფ. ნიქოზთან. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გორის რეგიონში ჩადის. ბატონი ვაიტეკუნასის განცხადებით ნგრევისა და მსხვერპლის რაიოდენობა შოკის მომგვრელია. მან დახმარება აღუთქვა რეგიონს. 

10 აგვისტო: ქართული ჯარები ცხინვალს ტოვებენ როიტერის ცნობით სამხრეთ ოსეთის ოფიციალური განცხადებით ბრძოლები ცხინვალის სამხრეთ შემოსასვლელთან დასრულდა შუაღამისთვის; თუმცა ამ განცხადების სარწმუნოება სადაო გახდა. ასევე როიტერის ცნობით რუსეთის 58-ე არმიის მეთაური სამხრეთ ოსეთში, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულიოვი ქართველებმა დაჭრეს ცხინვალთან კვირა დილას. შსს-ს მტკიცებით, რუსეთმა 6000 ჯარისკაცი შემოიყვანა სამხრეთ ოსეთში ხმელეთით და 4000 ჯარისკაცი აფხაზეთში ზღვით, რომლებიც გამთენიისას შეტევისთვის იყვნენ მზად. ვლადიმირ პუტინი, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთში ჩაფრინდა, მისი თქმით „ჰუმანიტარული მისიის“ სახელმძღვანელოდ, და განაცხადა, რომ საეჭვო იყო ამ ეტაპზე სამხრეთ ოსეთი საქართველოში ინტეგრაციის ალბათობა. მისი სპიკერის რწმუნებით, ამ ვიზიტს სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა და დილით პუტინი გორკიში გაემგზავრა რუსეთის პრეზიდენტ მედვედევთან შესახვედრად.

 11 აგვისტო – რუსეთის შეტევა გრძელდება 11 აგვისტოს დილით ადრე, რუსული წყაროების ცნობით ცხინვალი ისევ ქართული არტილერიის ცეცხლქვეშ იყო. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სესიაზე აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს დიპლომატიურ სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „უნდა წავიდეს“. რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა პროტესტი გამოთქვა, ვინაიდან ეს საუბარი კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო. „ინტერნეშენალ ჰერალდ ტრიუბიუნის“ ცნობით, დიდი რაოდენობით რუსეთის სახმელეთო ძალები სამხრეთ ოსეთიდან გორის რაიონის ტერიტორიაზე გადავიდნენ და ქალაქ გორისკენ მიემართებოდნენ. დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა კვლავ გამოთქვეს შიში იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მთავრობის დამხობას აპირებდა. რუსეთმა უარყო საქართველოს ოკუპაციის მცდელობა: „ჩვენ საკმარისი ტერიტორია გვაქვს და საქართველო არ გვჭირდება“, — განაცხადა კრემლის სპიკერმა ალექსეი რაგოზინმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჰაერო დაბომბვის შემდეგ რუსეთმა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო გორში.

რუსეთმა განაცხადა, რომ მზად იყო საქართველოსთან მშვიდობისთვის. გაეროს ოფიციალური წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საქართველო მზად იყო რუსეთთან მოლაპარაკებები დაეწყო სამხრეთ ოსეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე. რუსეთის ელჩმა ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ რუსეთი „მზად იყო ომისთვის ბოლოს მოსაღებად“, მაგრამ ასევე გაეროს გენერალური მდივნის ოფისს საქართველოს მხარდაჭერა დააბრალა. საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ულტიმატუმი მიიღო აფხაზეთთან არსებული ძალების განიარაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ჯარები საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ. ულტიმატუმი მთავრობას რეგიონში გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა გადასცეს. რუსეთის ჯარების მეთაურის თანაშემწე ალექსანდრე ნოვიცკის ცნობით, რუსეთმა აფხაზეთში 10 აგვისტოს საღამოს 9000 ქვეითი და 350 ჯავშანმანქანა შეიყვანა. რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე ალექსანდრე ნაგოვიცინი ადასტურებს შუადღის ბრიფინგზე, რომ დაადასტურა 18 ჯარისკაცის დაღუპვა და 14-ის გაუჩინარება. ანატოლი ნოგოვიცინის თქმით, 800 ქართველი ჯარისკაცი და 11 ტონა ტვირთი გადმოვიდა ერაყიდან საქართველოში აშშ-ის რვა საჰაერო რეისით. ადრე საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ერაყიდან ჩამოსული ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთის ფრონტზე გაიგზავნებოდნენ. ნაგოვიცინმა განაცხადა, რომ რუსეთი “ადეკვატურ ზომებს” მიიღებდა ამის საპასუხოდ, რაც კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების შემოყვანას ნიშნავდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. საქართველოს შსს-მ ასევე გამოაცხადა, რომ ზუგდიდის პოლიციის სადგურები რუსების ხელში იყო.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ცნობით გორი რუსეთის ჯარების ხელში იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. რუსეთის ვერსია დაადასტურეს როიტერსის ჟურნალისტებმა კეიმზ კილნერმა და მარგარიტა ანთაძემ, რომელთა თქმით ქალაქი გორი უკაცრიელი იყო და აქ სამხედრო მანქანების ჭაჭანება არ ჩანდა. თუმცა ბრიტანეთის საგარე საქმეთა მდივანმა დაადასტურა მოვლენათა ქართული ვერსია. რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაური ალექსანდრე ნოვიცკის განცხადებით, ავიარეიდის დროს რუსეთის საჰაერო ძალებმა სენაკის ბაზასთან მდგარი ორი ქართული შვეულმფრენი გაანადგურა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონები “ვოსტოკისა” და “ზაპადის” გადმოყვანის შესახებ. საქართველოს განცხადებით, ვინაიდან გორი საქართველოს მთავარ სატრანსპორტო არტერიაზე მდებარეობს, ქვეყანა ორად არის გაყოფილი. საქართველოს ჯარები ამჟამად უკან იხევენ დედაქალაქის დასაცავად.

უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, ქართულ არმიას ნაბრძანები აქვს ქალაქ მცხეთასთან გამაგრება. აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლის ცნობით CNN-ისთვის, რუსეთის მიერ საქართველოს სარადარო და საკომუნიკაციო სისტემების განადგურებამ ქვეყნის საკომანდო და საკონტროლო სისტემა სრულ ქაოსში ჩააგდო და არ აქვს სრული ინფორმაცია იმაზე, რა სიტუაცია არის ადგილზე. ამავე დროს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მას თბილისზე თავდასხმა გეგმაში არ აქვს. 

12 აგვისტო – დიპლომატიური ძალისხმევა რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერის შესაქმნელად. საქართველო ასევე ადანაშაულებს რუსეთს ფოთში დამატებით ჯარების გაგზავნაში, თუმცა რუსეთი ამ ინფორმაციას უარყოფს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი აცხადებს, რომ იტალია მზადაა საკუთარი ძალები გაგზავნოს სამხრეთ ოსეთში, თუ ევროკავშირი გადაწყვეს ორშაბათს კონფლიქტში ჩარევას. ამასთან, ფრატინიმ აღნიშნა, რომ იტალია ვერ დაუჭერდა მხარს ევროპის ანტირუსული კოალიციის შექმნას კონფლიქტის გამო. ის ოპტიმისტურად იყო განწყობილი დიდი შვიდიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონი საუბრის შემდეგ პოზიტიური რეზოლუციის შესაძლებლობაზე.

ვიტალი ჩურკინი, რუსეთის წარმომადგენელი გაეროში, ჟურნალისტებს უცხადებს, რომ ის არ მიიღებს საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას სამხრეთ ოსეთის შესახებ. ინტერფაქსის ცნობით აფხაზეთის თავდაცვის შტაბის განცხადებით აფხაზეთის ძალები რუსი პარატრუპერების დახმარებით სამხედრო ოპერაციას იწყებენ ქართული ჯარების კოდორის ხეობიდან განსადევნად. ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბამ განაცხადა, რომ რეგიონში 2500 ქართველი ჯარისკაცი იმყოფებოდა, ხოლო 1000 მშვიდობიანმა მოსახლემ არემარე დატოვა ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით, რომელიც ჯარისკაცებმა ლტოლვილებს გაუხსნეს. ასოშეიტედ პრესის ჟურნალისტის ცნობით, მან 135 რუსული სამხედრო მანქანა (მათ შორის ტანკები) დაითვალა, კოდორის ხეობისკენ გზაზე, რომელსაც წინააღმდეგობას ქართველები უწევდნენ. საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიტანეთში განუცხადა სკაი-ნიუზს, რომ რუსული თვითმფრინავები კვლავაც აგრძელებდნენ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას მოსკოვის მიერ საომარი მოქმედებების შეწყვეტის განცხადების მიუხედავად. სერგეი ბაღაფშის განცხადებით აფხაზურმა ძალებმა აიღეს სოფლები აშარა და ჩხალთა და საქართველოს საზღვრისკენ მიემართებოდნენ. მისი თქმით აფხაზეთი კოდორის ხეობის დიდ ნაწილს აკონტროლებდა. ასევე იუწყებიან, რომ აფხაზთა 250-კაციანი ჯგუფი ქართულ ძალებს ეომებოდა აფხაზეთის საზღვართან ხეობაში.

აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ანატოლი ზაიცევმა, განაცხადა, რომ აფხაზეთის ძალებმა ქართველებს ალყა შემოარტყეს კოდორის ხეობაში. მისი თქმით 250 აფხაზ ჯარისკაცს სოფელ ჩხალთასთან ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. მათ ზურგს მალე გაუმაგრებდა მეორე აფხაზური ჯგუფი. ხოლო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზზებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ქართველების სამხედრო ობიექტებზე კოდორის ზემო წელში.პარლამეტთან შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან განაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა. საქართველო ასევე სარჩელს აღძრავდა საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის მიერ 2008 და 1993 წლებში ეთნიკური წმენდის გამო. რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის მოადგილემ რუსეთს მოუწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, კონფლიქტის გამო. იაპ დე ჰოოპ სხეფერი, ნატოს გენერალური მდივანი, აცხადებს, რომ საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანა, მიუხედავად კონფლიქტისა. მომზადებულია სხვადასხვა მედიაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით