თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს. კერძოდ, სამარხი წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში, აფსიდის ქვეშ არის განთავსებული და ვარაუდობენ, რომ ის აშოტ პირველს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამაში ნეშტი არ უპოვიათ, მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამება შუა საუკუნეების წყაროებში სამარხის შესახებ არსებულ ჩანაწერებს. ეს აღმოჩენა ისტორიული წყაროების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ვანის იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის ეგიდით განხორციელდა. გათხრები ძირითადად ფოკუსირებულია ციხის შიდა ტერიტორიასა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ნანგრევებზე. გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1,8 მეტრის სიგანის ქვის თაღით გადახურული კამერა, რომელიც უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშაა განთავსებული.
როგორც აითექინმა აღნიშნა, „შუა საუკუნეების ქართული წყაროებში მოხსენებულია, რომ მეფე აშოტი დაკრძალულია სწორედ ამ ეკლესიაში“.
„კამერის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ჩანაწერებს. მეცნიერულად, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელითაც“, – აღნიშნა აითექინმა.
სამარხის გარდა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს საერთო სამზარეულო (თონე) და წყალსაცავების ფართო სისტემები, რაც მიუთითებს ციხის შიგნით მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაზე. არქეოლოგებმა შეძლეს ორი ავზის ამოღება და მუშაობა გრძელდება მესამე ავზის ამოსაღებად. ასევე აღმოჩენილია ადრეული მე-11 საუკუნის ბიზანტიური მონეტები, კერმიკული ფრაგმენტები, ქვისა და მეტალის საბრძოლო მასალა.
არტეფაქტები ართვინის მუზეუმში იქნება გადატანილი, როდესაც ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები დასრულდება.
მე-5 საუკუნეში აგებული არტანუჯის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნეში მეფე აშოტ პირველის მიერ იქნა გაფართოებული და გაძლიერებული, რომელმაც ის ბაგრატიონთა სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მონარქი და დიდგვაროვნები შიდა ციტადელში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და შეძლებული მოსახლეობა გალავნით შემოსაზღვრულ ქვედა ქალაქში, სადაც ასევე იყო აბანო, სალოცავები და შადრევნები.
აითექინის თქმით, გათხრები კიდევ 5 წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც არტანუჯი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის და ტურიზმის ცენტრად იქცევა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
თარგმანი: პირველი არხი