საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აქტიურად გრძელდება გამოძიება მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით.
გამოძიების ფარგლებში, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა კიდევ 12 პირი დააკავეს - ს.კ., ზ.ჭ., კ.კ., გ.ქ., გ.ყ., ს.ა., გ.კ., ა.ჩ., ლ.ჯ., ს.ტ., ლ.ი., და ბ.ქ.
გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებულმა პირებმა, 4 ოქტომბერს, აქციის ორგანიზატორებთან ერთად, ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის ჯებირები შეანგრიეს და სასახლეში შეჭრა სცადეს.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ჯამში დაკავებულია 35 პირი, რომელთა შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს. - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.