17 მაისს, 11:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 პავილიონში ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მედიასთან საანგარიშო შეხვედრა გაიმართება. ჰიპერტენზიის დღეს არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრებს და კიდევ ერთხელ შეაჯამებს წლევანდელი კამპანიის შედეგებს ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, მაია ხეცურიანი.
დროული დიაგნოსტირების აუცილებლობაზე, ეფექტური მართვის მნიშვნელობაზე, დაავადების სიმძიმესა და სკრინინგის მნიშვნელობაზე გვესაუბრებიან კარდიოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი არჩილ ჩუხრუკიძე, ბოხუას სახელობის კარდიოპულმონური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფ. ზურა ფაღავა და გულ-სისხლძართვა კლინიკის ხელმძღვანელი, პროფ. თამაზ შაბურიშვილი. მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნობიან უფასო გასინჯვების პროცესს, რომლებსაც კამპანიაში ჩართული კლინიკების წამყვანი კარდიოლოგები უძღვებიან.
ღონისძიების საპატიო სტუმარია საფრანგეთის ელჩის მოადგილე რიშარ რეკენა, რომელიც მხარს უჭერს კამპანიას „გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ და მონაწილეობას მიიღებს უფასო სკრინიგში.
„გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ გლობალური კამპანიაა, რომელიც ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ინიციატივით, ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან Global Heart Hub ერთად, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. საქართველოში პროექტი კარდიოლოგიისა და ჰიპერტენზიის საზოგადოების მხარდაჭერით და ჩართულობით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კამპანია გამორჩეულად მასშტაბურია, რადგან პროექტმა 21 კარდიოლოგიური კლინიკა და წამყვანი ექიმები ერთ სივრცეში გააერთიანა. ჰიპერტენზიის მასშტაბური უფასო გასინჯვები ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მომსახურების მიღება მოიცავს კარდიოლოგთან კონსულტაციას, წნევის გაზომვას, გლუკოზის შემოწმებას და კარდიოგრამის გადაღებას, რაც სრულიად უსასყიდლოდ ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, რომელიც არის 40 წლის და მეტის, აწუხებს მაღალი არტერიული წნევა ან აინტერესებს, არის თუ არა ჰიპერტენზიის რისკ-ჯგუფში.
„გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ - წელსაც კამპანიის მთავარი გზავნილია, რომელიც ამჯერად ასაკოვან მშობლებს ახალისებს, მოუწოდონ 40 წელს გადაცილებულ საკუთარ შვილებსა და საყვარელ ადამიანებს წნევის შემოწმებისკენ.
„გაიზომე წნევა -ამას შენთვის გეუბნები“ კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ჩართულობას პროექტში. ცნობილია, რომ არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება 40 წლის ზემოთ მატულობს, რა დროსაც ოჯახის წევრების როლი არტერიული წნევის შემოწმების ჩვევის განვითარებაში და თაობებს შორის მზრუნველობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰიპერტენზიის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, „სერვიე“ ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლას ტრადიციულად უფასო სკრინინგ პროგრამით განაგრძობს, რათა უზრუნველყოს დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელსაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მძიმე შედეგებისგან პაციენტების დასაცავად. მნიშვნელოვანია, რომ ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს გულის უკმარისობის, ინსულტისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირებას,“ - აღნიშნავს კომპანია „სერვიეს“ დირექტორი საქართველოში მაია ხეცურიანი.
ინფორმაცია დაავადების შესახებ:
არტერიული ჰიპერტენზია კვლავ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად რჩება და პასუხისმგებელია წელიწადში 11 მილიონზე მეტ სიკვდილზე მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევის მქონე ორი ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ მას აქვს მომატებული არტერიული წნევა. არადიაგნოსტირებული პაციენტების დიდი ნაწილი არის აქტიური, 60 წელზე ნაკლები ასაკისა და დაკავებული ადამიანი. მომატებული არტერული წნევა ინსულტის, ინფარქტის და თირკმლის დაავადების წინაპირობაა. მაღალი წნევისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ განსაზღვრული რისკ-ფაქტორების და დაავადებების თანხლება ზრდის მომატებული არტერიული წნევის განვითარების რისკს. ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ჭარბი წონა, კვების თავისებურება, კერძოდ, დიდი რაოდენობით მარილის მიღება, წნევის მატებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ყურადსაღებია ცხოვრების ჯანსაღი წესი და უარის თქმა ისეთ მავნე ჩვევებზე, როგორიცაა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს მოწევა.
ჰიპერტენზია ხშირად უსიმპტომოდ, ყოველგვარი გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, რაც გარკვეულწილად ადუნებს პაციენტის ყურადღებას და დამყოლობას მკურნალობის მიმართ. სწორედ ამიტომ, მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ, რადგან პრაქტიკულად ყოველმა მეორე ადამიანმა არც კი იცის რომ ჰიპერტენზია აქვს. კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე, ჰიპერტენზიის აღმოჩენის ერთადერთი საშუალება სახლის პირობებში წნევის რეგულარული გაზომვაა. დღეს ექიმები მოგვიწოდებენ, 40 წლის ზემოთ და თანხმლები რისკ-ფაქტორების შემთხვევაში, პერიოდულად გავიზომოთ წნევა, რათა დროულად გამოვავლინოთ წნევის მომატებული მაჩვენებლები. ერთჯერადად წნევის ციფრების მატებაც კი საყურადღებოა და საჭიროებს შემდგომ მონიტორინგს, რათა გამოირიცხოს დაავადების არსებობა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის შემთხვევაში კი, ექიმის დანიშნულების თანმიმდევრულ მიღებას და სახლის პირობებში წნევის სისტემატიურ გაზომვას, დაავადების ეფექტურ მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.