მოგესალმებით, მეგობრებო. გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს. - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გირამ დადიანიძის დედის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მსურს მოგახსენოთ, რომ დაზარალებულის ადვოკატებმა ახლახანს ჩავიბარეთ საქმის ახალი მასალები.
გამოკითხულია მოწმეები, გამოთხოვილია ინფორმაციები. ასევე დანიშნულია მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.
გამოთხოვილ ინფორმაციებზე პასუხის მიღებასა და ექსპერტიზის ჩატარებას სჭირდება შესაბამისი დრო. აღნიშნულის შემდეგ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს პირთა ხელახალი გამოკითხვა ან სხვა პირთა გამოკითხვა.
საზოგადოებისგან მუდმივად ვიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციებს. ყველა ამ ინფორმაციას ვუგზავნით საგამოძიებო ორგანოს.
მთელი ეს დღეები ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ და მოვითხოვთ გამოძიებისგან ეფექტურ მუშაობას.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარებულიყო 12 წლის განმავლობაში. უფრო მეტიც- გურამის დაკარგვის პირველივე დღეებში! მყისიერად ჩასატარებელია რამდენიმე სხვა საგამოძიებო მოქმედება, რის შესახებაც ჩვენი მოთხოვნა გამოძიებას დავუფიქსირეთ.
მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, რომ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა. გაკეთდეს ყველაფერი, რათა დადგინდეს, თუ ვითარებაში გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე.
ამ საქმის მიჩქმალვა არის წარმოუდგენელი. თვეები და წლებიც რომ დაგვჭირდეს, არ გავჩერდებით მანამ, სანამ სიმართლე არ გაირკვევა!✔️
P.S. ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ გამოვკითხო მოწმეები, ბორკილები დავადო პირებს და ა.შ.
ამ ადამიანთა გასაგონად მინდა აღვნიშნო, რომ დაზარალებულის ადვოკატს არ აქვს მოწმეთა გამოკითხვის, ინფორმაციის გამოთხოვისა და პირთა დაკავების უფლება.
სისხლის სამართლის საქმეს საქმეს იძიებს საგამოძიებო ორგანო.
ჩვენ მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირებისთვის, შემდეგ კი გადამოწმებისთვის გამოძიებას სჭირდება გარკვეული დრო.
ბოდიშს გიხდით, რომ უფრო მეტ დეტალს დღეის მდგომარეობით ვერ ვასაჯაროვებთ. საზოგადოება ჩვენგან პერიოდულად მიიღებს ინფორმაციას იმ რეჟიმში და იმ მოცულობით, რაც გამოძიებას ხელს არ შეუშლის.
მადლობას გიხდით, რომ გვერდით გვიდგახართ ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში!" - წერს ტარიელ კაკაბაძე
შეგახსენებთ, 2014 წელს 17 წლის გურამ დადიანიძე გაუჩინარდა. დედა მას 12 წელია უშედეგოდ ეძებს.
როგორ გაუჩინარებული ბიჭის დედამ გადაცემაში "შენი ამბავი" თაიასთან განაცხადა, 2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი წავიდა, რომლებსაც ახლდათ გურამ დადიანიძის მამიდის ახლობელი. მიკროავტობუსი ისე დაბრუნდა თბილისში, რომ მათ გურამ დადიანიძე არ ჩამოყოლიათ.
პირველადი ვერსიით, გურამ დადიანიძესთან ერთად მყოფები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსული მათ უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა.
გურამ დადიანიძის დედის სოფიო ბიბილაშვილი ამბობს, რომ ჯგუფი თბილისში ჩავიდა და მისი ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან.
სოფიო ბიბილაშვილი აზრით, მის შვილთან ერთად მლეთაში მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს - მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა.
დედა ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის შვილს მთის ფერდობიდან ჩამოსვლის დროს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.
2026 წლის 10 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამია, რომ შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს გურამ დადიანიძის კვალი გაქრა













