დღეს გახდება ცნობილი, ვინ გახდება საქართველოს გენერალური პროკურორი.
გასაუბრებების დასრულების შემდეგ, საპროკურორო საბჭოს მიერ სამი კანდიდატი დასახელდა. დღეს კი ვიქტორ ახალბედაშვილს, დარეჯან ბუცხრიკიძესა და გიორგი გაბიტაშვილს შორის, საპროკურორო საბჭო ერთი მათგანის კანდიდატურას შეარჩევს.
სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული, სადაც სამივე კანდიდატს ცალ-ცალკე და ფარულად ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქ-გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.
საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევის შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.