საკუთარ სასამართლო პროცესს 10 ბრალდებულიდან, მხოლოდ ერთი - ელისო კილაძე ესწრება. სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით მსჯელობს.
უფლებადამცველები, შუამდგომლობის სახით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთი ღონისძიების დატოვებას მოითხოვენ, ვინაიდან ამტკიცებენ, რომ 20 ტომიან საქმის მასალებში არ დევს პირდაპირი მტკიცებულება.
საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით კი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე, გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთ-მტკიცებულებები, ადასტურებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.
"ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია ათობით პირი, ასევე ჩატარებულია სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედება, როგორიცაა ამოღება, გამოთხოვა, ჩხრეკა და ა.შ. როგორც მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომელიც არის პირდაპირი ხასიათის, ასევე გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთ-მტკიცებულებები - ეს ყველაფერი ადასტურებს თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს.
მოწმეები უთითებენ მათ შორის ელისო კილაძის მიერ რა თანხა იქნა აღებული მისი როლის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის საქმიანობისას, ხოლო შემდგომში უკვე გამოთხოვილი იქნა ორგანიზებული ჯგუფის კომპიუტერული მოწყობილობიდან ინფორმაცია, სადაც თაღლითური ქოლცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები და შემოსავალი დეტალურად იყო გაწერილი,"- აცხადებს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით,10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ერთ-ერთი დაკავებული "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელი და ჟურნალისტი ელისო კილაძეა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ელისო კილაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება












