თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გამოკითხვა. 

საქმის პროკურორმა  ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გამოძიებას მიაწოდა მისი შეფასება და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაცია,

პროკურორის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძემ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ინფორმაციის წარმოდგენა. მისივე თქმით, კონკრეტული სახელები და გვარები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის ფარგლებში გამოკითხულ არცერთ პირს არ დაუსახელებია.

"დღევანდელმა მოწმემ (ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ) მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა, ძირითადად, მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას. რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მოწმის ინფორმაციას, რომელიც მან მოგვაწოდა, გავაანალიზებთ და ამის საფუძველზე დავგეგმავთ შემდგომ საგამოძიებო მოქმედებებს.

ამ ეტაპზე მოწმეები, რომლებიც გამოვკითხეთ, ანუ პირველი წყარო, ვინც აკეთებდნენ განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კონკრეტული სახელი და გვარი არცერთ მოწმეს არ დაუსახელებია. როდესაც გამოძიება მოახდენს კონკრეტული დამკვირვებლების იდენტიფიცირებას, არის უამრავი ადამიანი, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სექტორში, რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გამომდინარე, დავიბარებთ, გამოვკითხავთ, ან დავკითხავთ სასამართლოში.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნა არის, რომ ის პირი, რომელიც გააჟღერებს დანაშაულთან ან სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა გამოიკითხოს გამოძიებაში ან დაიკითხოს სასამართლოში. ვინაიდან პირველწყარო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იყვნენ ეს პირები, რომელსაც ჩვენ ეტაპობრივად ვკითხავთ, ჯერ უნდა გამოვკითხოთ, მათ დაგვიდასტურონ გარემოებები, რასაც ისინი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აჟღერებენ და მათი ჩვენების საფუძველზე ჩვენ, რა თქმა უნდა, დავკითხავთ ყველა იმ პირს, რომელიც უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს. რაც უფრო მარტივად და კონკრეტულად დაგვისახელებენ ამ პირთა მონაცემებს, რა თქმა უნდა, გამოძიება უფრო სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში იმუშავებს", - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. პროცესი, რომელიც დახურული იყო, დაახლოებით, საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოში ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.