თბილისის საქალაქო სასამართლო ნინო გალუსტაშვილმა 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
მათე დევიძემ, რომელიც დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდა, მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სიტყვა წარმოთქვა.
„იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენ სანახავად მოვდიოდი. დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ. მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, რომ მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა დაიწყეს [გამოსვლა], ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ. მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“. - განაცხადა მათე დევიძემ და და სასამართლო დარბაზი დატოვა.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალდებული იყო სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.