რა უნდა ვთქვა საქმეზე, რომელიც არის შეკერილი და აღიძრა ყველა იმ პოლიტიკოსის მიმართ, ვინც იმ კომისიაზე არ მივიდა, რომელიც რეალურად კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი. არც მე არ მივალ, მე ვემორჩილები საქართველოს კონსტიტუციას და არა ოცნების კონსტიტუციას. - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა. 

"ამისთვის თუ პატიმრობა უნდა გადავიხადო, კი ბატონო გადავიხდი. ზუსტად ვიცი, რომ მართალი ვარ ჩემი სინდისის და კონსტიტუციის წინაშე. სადაც საჭიროა იქ მივალ და აღსრულება მოხდება, ალბათ შემასახლებენ რუსთავის ციხეში, ან რომელიმე სხვაში. ჩვენ ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, ეს ის ვითარებაა, როცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ჩემი გზავნილი იქნება, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, რაც ზურამ ჯაფარიძემ თქვა, იმას გავიმეორებ. ჩვენ არ გვაქვს უკან დასახევი გზა.

ჩვენს უკან დგას ჩვენი სამშობლო. ეს არის ჩვენი მისია. შავი ფურცელი იქნება ისტორიაში, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენას." - განაცხადა ნიკა გავარამიამ. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, ნიკა გვარამიას შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის დღეს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადებულა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლას არ აპირებს.

2025 წლის 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე  აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. თანხის გადახდის ვადა 7 ივნისს ამოიწურა.