20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მზია ამაღლობელის საჩივარს, რომელიც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე უკანონო და დაუსაბუთებელ დაჯარიმებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება   რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. ერთ-ერთი საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ სისტემამ წამოიწყო, დაკავშირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლთან, რაც გულისხმობს პოლიციელისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. 2025 წლის 11 იანვარს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, მზია ამაღლობელი თავდაპირველად საპროტექსტო სტიკერის კედელზე გაკვრის გამო დააკავა იმ დროისათვის აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ. თუმცა, იმის გამო, რომ სტიკერის გაკვრისათვის ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება პოლიციას არ გააჩნია, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და მასში მიუთითეს, რომ თითქოს  მზია ამაღლობელმა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომლის საფუძველზეც იგი დააკავეს. მოგვიანებით, ამავე მუხლით შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და მზია ამაღლობელს დააბრალეს იმ სამართალდარღვევის ჩადენა, რაც მას არ ჩაუდენია. 

ეს საქმე  2025 წლის 18 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მიიღო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება. საქმის განხილვა ატარებდა ფორმალურ ხასიათს, მოსამართლემ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მტკიცების ტვირთი გადაანაწილა არასწორად და უსაფუძვლოდ დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელის მიერ მიცემულ ცრუ ჩვენებას და ასევე, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საფუძველზე შექმნილ 2 ვიდეოფაილს,  რომელსაც შემხებლობა არ აქვს განსახილველ საქმესთან.

კერძოდ, მოსამართლე დაეყრდნო იმ ვიდეო ჩანაწერებს, რომელიც ბათუმის პოლიციის სამმართველომ მტკიცებულების სახით წარადგინა სასამართლოში, თუმცა, არც ერთ ამ ვიდეო ჩანაწერს შემხებლობა არ აქვს საქმესთან. ვიდეო ჩანაწერებზე დაყრდნობით შსს ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ ვიდეოში ასახული ქმედების გამო დააკავეს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა  სასამართლოს მიუთითა ვიდეოები არ იყო გადაღებული მზია ამაღლობელის დაკავებამდე, მოსამართლემ აღნიშნული მითითება და წარდგენილი მტკიცებულება (მოწმე/ჟურნალისტი, რომელმაც გადაიღო ეს ვიდეო) არ გაითვალისწინა და არც ის მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, თუ რატომ არ გაითვალისწინა დაცვის პოზიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ეს კადრები ადასტურებს მზია ამაღლობელის მიერ 173-ე მუხლის ჩადენის ფაქტს, რადგან მასში არ არის ასახული მზია ამაღლობელის რაიმე უკანონო ქცევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვიდეო მასალა გახდა მზია ამაღლობელის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი, ხოლო მისი პირველი დაკავება ასევე დაკავშირებულია სისხლის სამართლის ბრალდების საქმესთან და მისი პატიმრობა დღემდე დასაბუთებულია სწორედ ამ უკანონო ადმინისტრაციული დაკავებით, გვინდა საზოგადოებას წარვუდგინოთ ახალი მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ (ა) პოლიციის მიერ წარმოდგენილი 2 ვიდეო ჩანაწერი გადაღებულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდგომ და ასახავს ბოლო დაკავებულის (ლ. გაბაიძის) დაკავებას, რაც პოლიციამ განახორციელა 00:43 საათზე, ხოლო მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 22:58 საათზე, და (ბ) პოლიციის ერთადერთი მოწმის, ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილის გ. ვანაძის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს.   

ვიდეო მტიცებულებების ფალსიფიკაციის და მოწმის ცრუ ჩვენების დამადასტურებელი მტკიცებულებები დამატებით წარვუდგინეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო საჩივრით მოვითხოვთ სასამართლომ შეწყვიტოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მისი უსაფუძვლობის გამო და გააუქმოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. 

ამავდროულად, მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გ. ვანაძის და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციის და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ სსკ-ის 332- (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 369-ე (მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და  370-ე (ცრუ ჩვენება) მუხლებით გათვალისიწნებული დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო.საჯაროდ მივმართავთ გენერალურ პროკურორს უმოკლეს დროში გვაცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, ვინაიდან მზია ამაღლობელის პატიმრობა დღემდე ეფუძნება სწორედ ამ გაყალბებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას." - ნათქვამია საიას გავრცელებულ ინფორმაციაში, სადა ასევე მოცემულია:

დანართი 1.

ორი კადრის შედარება

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, 22:58 საათზე.

მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს 12 იანვარს 00:52 საათზე.

ვიდეო, რომელიც შსს-მ წარადგინა, როგორც თითქოსდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებამდე გადაღებული კადრი, გადაღებულია 2025 წლის 12 იანვარს, 00:43 წუთზე, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე 9 წუთით ადრე.

ვიზუალური მტკიცებულებები:

სისხლის სამართლის საქმეში დართული მერვე ვიდეო, რომელ ვიდეოში ასახულ მოვლენებსაც ემთხვევა შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე წარდგენილი ვიდეო:

ორიგინალი ვიდეოს ლინკი: https://www.youtube.com/watch?v=V6UDBDTEUV0&list=PL9JVEj0VBrt36W4Ik6GGDGCR2R91Cadd8&index=8

ვიდეოს ლინკი და დეტალური ტექსტური აღწერა, რა ნიშნებით ემთხვევა ერთმანეთს შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილი ვიდეო და სისხლის სამართლის საქმეში არსებული უწყვეტი ლაივ კადრი: https://www.youtube.com/watch?v=pFLkEhjLx8M&list=PL9JVEj0VBrt36W4Ik6GGDGCR2R91Cadd8&index=16

00:25 წამიდან იწყება დამთხვევა

00:32 წამი - ორივე კადრში ჩანს კაცი შავი ქუდით და თეთრი ნიღბით [აჭარათაიმსი - ბათუმელები]

00:33 წამი - ორივე კადრში ჩანს კაცი ანთებული სიგარეტით [აჭარათაიმსი - ბათუმელები]

00:33 წამიდან- დან აჭარათაიმსის ვიდეოში შავქუდიანი და თეთრნიღბიანი პირის წინ ჩნდება კაცი მწვანე კაპიშონით. კაცი სიგარეტით, ჩანს ასევე მზია ამაღლობელის თავი, ასევე ცისფერქურთუკიანი კაცი.

00:35 წამზე ისმის ხელი გაუშვით.

შენიშვნა: შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე წარდგენილ ვიდეოში სიტყვა „ხელი გაუშვით“ ისმის 00:09 წუთზე.

00:33 წამზე ბათუმელების ლაივ ვიდეოში, რომელიც სხვა რაკურსიდანაა გადაღებული ჩნდება იგივე შავქუდიანი, თეთრნიღბიანი კაცი, რომლის წინაც ჩანს მწვანე კაპიშონიანი კაცი.

00:33 წამზე ბათუმელების კადრში ჩანს გოჩა ვანაძე

00:38 წამზე კადრში ჩანს ირაკლი ბერიძე, ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე.

მნიშვნელოვანი გარემოება:

შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე წარდგენილ 18 წამიან ვიდეოში , 00:15 წუთზე კადრში ჩანს „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე, რომელსაც მიჰყავს „ბათუმელების“ პირდაპირი ეთერი.

ჯაბა ანანიძე 2025 წლის 4 იანვრიდან იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში. ის 6 იანვარს წავიდა თურქეთში და 11 იანვარს, დაახლოებით 19:20 საათისთვის სარფის გავლით დაბრუნდა საქართველოში.

ჯაბა ანანიძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გავიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ. ჯაბა ანანიძე საპროტესტო აქციაზე მივიდა დაახლოებით 23:10 საათის შემდეგ, სადაც მან ჩაანაცვლა კოლეგა ქალი ჟურნალისტი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად აშუქებდა პოლიციის დეპარტამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს და განაგრძო „ბათუმელების“ პირდაპირი ეთერი.

მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს 22:58 საათზე. მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველ ლაივ ვიდეოში ისმის ქალის ხმა, რომელიც ამბობს „მზია ამაღლობელი დააკავეს, ბათუმელების მენეჯერი მზია ამაღლობელი დააკავეს“.

გარდა ამ გარემოებისა, არსებობს შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეზე წარდგენილ ვიდეოსა და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ვიდეოებს შორის კიდევ ერთი დამთხვევა.

0:35 წამზე კადრში პროფილით ჩანს ბათუმის საპატრულოს პოლიციის უფროსის მოადგილე ირაკლი ბერაძე, შემდეგ ჩნდება ჯაბა ანანიძე, რომელსაც ხელში უჭირავს შტატივზე დამაგრებული ტელეფონი და აქვს პირდაპირი ეთერი. „ბათუმელების“ ლაივში ასევე პროფილით ჩანს ბათუმის საპატრულოს პოლიციის უფროსის მოადგილე ირაკლი ბერაძე.

0:35 წამიდან 0:39 წამამდე მონაკვეთი ცხადყოფს, რომ შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილი ვიდეო და ბათუმელების ლაივ კადრი არის ერთი და იგივე მოვლენის ამსახველი, გადაღებული სხვადასხვა რაკურსით.

მეორე კადრის დამთხვევა - მზია ამაღლობელი 11 იანვარი

00:04:28 წუთზე - იწყება მეორე კადრის დამთხვევა

ორივე ვიდეოში [შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილი ვიდეო და ბათუმელების ლაივ კადრი ] ჩანს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან ჭიშკართან მობილიზებული პოლიცია. კერძოდ, მინდია ფერაძე, დავით ათაბეგაშვილი, გიორგი ბჟალავა. ყველა მათგანი არის სახით კამერისკენ. ორივე კადრში ჩანს პოლიციელების წინ მდგარი ეთერ თურაძე და მზია ამაღლობელი.

4:32 წუთზე შსს-ს მიერ ადმინისტრაციულ საქმეში წარდგენილი ვიდეოში კადრში ჩანს, რომ ეთერ თურაძის უკან დგას ქალი სტაფილოსფერი ქუდით და ღია ფერის ქურთუკით.

4:39 წუთზე ბათუმელების ვიდეოშიც ჩანს, რომ ეთერ თურაძის უკან დგას ქალი სტაფილოსფერი ქუდით და ღია ფერის ქურთუკით.

ორივე კადრი არის ერთი და იგივე დროს გადაღებული, კერძოდ, 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 00:43 საათიდან 00:50 საათამდე მონაკვეთში. გიორგი და ლაშა გაბაიძეების უკანონო დაკავების შემდგომ განვითარებული მოვლენებისას.

როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით დააკავეს 12 იანვარს 00:52 საათზე. ბათუმელების ლაივ კადრში ჩანს როგორ აკავებენ მზია ამაღლობელს უკვე სისხლის სამართლის წესით."