თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ბროვარში მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"ჩემო უკრაინელო მეგობრებო, თქვენთან ერთად ვწუხვარ და განვიცდი იმ შემზარავ ტრაგედიას, რაც ქალაქ ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მოჰყვა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების და მთელი უკრაინის გულისტკივილს." - ნათქვამია კახა კალაძის წერილში.
უკრაინის პოლიციის ცნობით, კიევის რეგიონის გარეუბანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა.
ვერტმფრენში, რომელიც უკრაინის ქალაქ ბროვაში ჩამოვარდა, ქვეყნის შს მინისტრი დენის მონატირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე, ევგენი იენინი და შს სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, კატასტროფას ყველა ემსხვერპლა.
ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა - წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფისას 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 3 ბავშვია.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი საგანგებო სიტუაციების სამსახურს ეკუთვნოდა.
დაშავებულია 22 ადამიანი, მათგან 10 ბავშვი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.