საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენის ვადა დღეს იწურება. 

იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წარადგინეს.
იურისტმა და ადვოკატმა ანდრონიკ სარიბეკოვმა საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“ წარმოადგინა.

იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.

იურისტი და ადვოკატი  ლალი ბუნტური   მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ” წარმოადგინა.  

ამ ეტაპზე სულ 5 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.

პროკურატურის ინფორმაციით, საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზეა http://pc.gov.ge/ აიტვირთულია

პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.

ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.

კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით გრძელდება.

საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მეხუთედ შეარჩევს.

ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა.

შეგახსენებთ, 2024 წლის 23 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განცხადება გაავრცელა. სადაც ნათქვამია: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვტოვებ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას