ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ და რისთვის ვხარჯავთ - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრი პრობლემას ხედავს იმაში, რომ სისტემა დიდწილად დამოკიდებული იყო კომერციული ინტერესების გაცვლა-გამოცვლაზე.

„თქვენ ხომ კარგად იცით, რომ მაგალითად პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიმართ ნდობის არარსებობა დიდწილად განპირობებული შეიძლება იყოს კომერციულად ჰოსპიტალურ სექტორში არსებული დიდი ინტერესებით. კომერციულად ჰოსპიტალური სექტორისთვის არის საინტერესო პრევენცია, რომ არავინ ავად არ ხდებოდეს? მეეჭვება, ამიტომ ეს არის მათი მთავარი ამოცანა, მხოლოდ სამედიცინო პროფესიონალთა პროფესიული ღირსება არის ამის ერთ-ერთი შემაკავებელი. ამიტომაც იყო ერთ-ერთი პირველი ფუნდამენტური რეფორმა, რასაც ბოლომდე მივყვებით, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მაგრამ არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ათწლეულების განმავლობაში ეს ჩანაგდებოდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.