შეხვედრა წლის სპორტსმენებთან სპორტის სასახლეში შედგა. წყალტუბოელი სპორტსმენების მიღწევებსა და წარმატებებზე ა(ა)იპ ,,წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების“ მმართველმა ირაკლი კუჭავამ ისაუბრა.

წლის სპორტული შედეგების შეჯამებისას აღინიშნა, რომ ამჟამად სპორტული კლუბებში 644 სპორტსმენია გაერთიანებული. წყალტუბოელი ახალგაზრდები წარმატებით გამოდიან და საპრიზო ადგილებს იკავებენ როგორც საერთაშორისო ტურნირებში, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ შეჯიბრებებში. 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენებად საქართველოს და საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული 20-მდე სპორტსმენი დასახელდა, რომლებსაც მადლობის სიგელები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ: ძალოსნობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ჯაბა ტყეშელაშვილი, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლუკა ქაშიბაძე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ქრისტინე ჟორჟოლიანი, საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირის West and East-ის ვიცე-ჩემპიონი გიგა ბერაძე, სამბოში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ლუკა შვანგირაძე, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ქამრით ჭიდაობაში (belt wresling) გაბო მუკბანიანი, ქართულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული,საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორი ლუკა ქუთათელაძე და სხვები. წარმატებულ სპორტსმენებს სიტყვით მიმართა წარმატებები უსურვა და მხარდაჭერასა და თანადგომას დაჰპირდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა წყალტუბოში სპორტული ტურიზმის განვითარების საკითხებზე. წყალტუბოელ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს მათი წახალისებისა და მუდმივი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რევაზ რობაქიძემ. ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრასა და დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, მოადგილე გია კვასტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე კობა გურეშიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, ასევე, მწვრთნელები და გულშემატკივრები.