სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან, განათლების მიმართულებით - მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტთან, ირმა კუპრეიშვილთან ერთად, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ სენაკელ ახლგაზრდებს: ელიზაბეტ თათარიშვილს, ლენა სებისკვერაძეს და ზურაბ ხარგელიას შეხვდა.

ჟიული შარტავას სახელობის №2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, ზურაბ ხარგელიამ წარმატებით გაიარა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სამივე ტური - ბიოლოგიაში და შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, ის, სიით პირველი, საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ივლისში, ზურაბი, მიემგზავრება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 2024 წლის ბიოლოგიის 35-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე.

ელიზაბეტ (ლიზი) თათარიშვილი სენაკის კერძო სკოლა ,,მარიოტას" მეათე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. მან მონაწილეობა მიიღო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გამოცხადებულ მოხალისეობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაცვლით პროგრამაში და გამარჯვება მოიპოვა. საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 20 ახალგაზრდასთან ერთად, ლიზი, აშშ-ში იმყოფებოდა.

ლენა სებისკვერაძე - სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო და საორკესტრო (ფლეიტა) განყოფილებების წარმატებული მოსწავლეა, ლენა ასევე გახლავთ ხალხური საკრავების ჯგუფი ,,მორდუს" და გოგონათა ვოკალური ანსამბლის წევრი, ავთანდილ გოგოტიშვილის სახელობის გაერთიანებული გუნდის სოლისტი, ხელოვნების ცენტრის საესტრადო განყოფილების კურსამთავრებული, სენაკის XI მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი, ფესტივალების და კონკურსების არაერთგზის ლაურეტი და საპრიზო ადგილების მფლობელი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, წარმატებულ ახალგაზრდებს მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა და ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადასცა.