საგარეჯოში ძირითად პრობლემად უმუშევრობა სახელდება. უფროსი თაობა კომუნისტების პერიოდს მისტირის, უმცროსს თაობას კი, მოტივაცია არ აქვს, საქმე აკეთოს. „აიპრესი“ საგარეჯოს მოსახლეობას ესაუბრა.

„თუ პატრონი არ გყავს, სამსახურს არავინ მოგცემს.... ახალგაზრდას ვერ ნახავ, რომ მიწაზე იმუშაოს, როგორი ახალგაზრდობაა, რითი უნდა ირჩინონ თავი? ახალგაზრდებს იცით რა უნდათ? დილით რომ გაიღვიძებენ და გარეთ გამოვლენ, კიბეზე „მეშოკებით“ დოლარები დახვდეთ, უშრომელად. ახალგაზრდები არ ვიყავით? ასე ვინ გაგვაჩერებდა“, - აცხადებს საგარეჯოს ადგილობრივი მოსახლე. 

მათი თქმით რეგიონში 80% მიწა დაუმუშავებელია... მმართველ გუნდში საუბრობენ, რომ საქართველოში უცხოელებზე მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს. საზოგადოების ნაწილი მკაცრად მოითხოვს, რომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა საერთოდ აიკრძალოს. საგარეჯოს რამდენიმე ადგილობრივი ამბობს, რომ საქართველოში მიწა უცხოელებს საკუთრებაში არ უნდა გადასცენ, მაგრამ რომ დაუმუშაონ, ამის წინააღმდეგები არ არიან. 

ასაკოვანი ხალხი პენსიის სიმცირეს უსვამს ხაზს, ამბობენ, რომ წამლებისთვისაც არ ჰყოფნთ. 

„გვითხრეს, რომ საპენსიო ასაკი დაიწევაო. 40 წლის ვიყავი, როცა სამსახურიდან გამათავისუფლეს და დღესაც უმუშევარი ვარ. პენსიამდე 7 წელი მიკლია და მანამდე რითი უნდა ვირჩინო თავი? საპენსიო ასაკი მაინც დაწიონ, ხალხს ცოტა გაუადვილდება ცხოვრება“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

საგარეჯოში სასმელი წყლის პრობლემაც არის. მოსახლეობა ამას ტყის გაჩეხვას უკავშირებს. ქალაქს წყალი გრაფიკით მიეწოდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლის ვაჟა ლოლაძის (მხოლოდ მან გაგვიმხილა ვინაობა) თქმით :“ტყეს ღამე ჩეხავენ, დილით რომ არ დაიჭირონ და დააჯარიმონ. ტყეში ხეები კი არა, მოედანია, ფეხბურთს ითამაშებ“. 

„ტყეში ჩიტის დასაჯდომად ხე აღარ არის“, - ამბობს, მეორე ადგილობრივი. 

გარდა იმისა, რომ საგარეჯოში დასაქმების პრობლემაა, მოსახლეობისთვის გასართობი საშუალება მხოლოდ ინტერნეტია. 

„სკვერს მაინც ხედავთ სადმე? ან რამე გასართობ ცენტრს? ერთი კაფეც კი არ არის“, - ამბობს ადგილობრივი მოსახლე.

მოსახლეობის უმრავლესობამ იცის ვინ არის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ზოგი მის ვინაობას ვერ იხსენებს. მას დადებით პიროვნებადაც ასახელებენ, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რომან მუჩიაშვილი ხალხთან მისული არ ახსოვთ. არც მისთვის მიუმართავთ კონკრეტული პრობლემებით. 

რას ამბობენ ადგილობრივები რომან მუჩიაშვილთან დაკავშირებით: 

„მე პირადად პრობლემა არ მქონია, რომ მასთან მივსულიყავი, რაზე უნდა მივიდე, რომ მან პასუხი გამცეს და მომეხმაროს? დეპუტატის მოვალეობაა, პარლამენტში იჯდეს და კანონები წეროს, სხვა არაფერი“. 

„იქნებ მაჟორიტარი მოდის კიდეც, მე არ ვიცი. დახმარება როგორ არ გვჭირდება, ვარ ასე უმუშევარი, მაგრამ არ ვიკადრე, რომ მასთან შევსულიყავი... აზრი არ აქვს“. 

„ვინ არის მაჟორიტარი, ვიცი, რომ? ვინ უნდა მოგვიკითხოს საწყალი ხალხი?“ .

„რომან მუჩიაშვილი კი დავინახე, აქ იყო. ხალხს გასაუბრებია თუ არა, არ ვიცი“. 

„დიდი ხანია არ დამინახავს, ნოემბრის მერე, არჩევნების დროს ყველა ამბობს, ჩემი თავი გენაცვალოს“.