დიდი დიღმის თბილისის მწვანე სკოლაში დებატების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა საჯარო დებატი, ახალგაზრდებისთვის აქტუალურ თემაზე, დებატებისა და განათლების ინსიტიტუტის ეგიდით. 

დებატების სკოლა უკვე არაერთი წელია ფუნქციონირებს პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელშიც გაწევრიანებული არიან მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა სკოლიდან. დებატების სკოლის სწავლების პროცესში ტარდებასისტემატიური ორსაათიანი მეცადინეობები ყოველკვირეულად, სადაც ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, რაც მოსწავლეებს აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს ხელს.

თბილისის დებატების სკოლაში მიიღებიან 12-17 წლის მოზარდები, რომლებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა, კონკურსსა თუ ტურნირში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

წელს დებატების სკოლის ფარგლებში, გაიხსნა დებატების კლუბი დიდი დიღმის მწვანე სკოლაში, რომლის წევრებიც წარმატებულად ერთვებიან „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა საჯარო დებატები და ტურნირები.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.