საფრანგეთში აშშ-ის საელჩოს მიერ აშშ-ის მთავრობასთან კონტრაქტებით დაკავშირებული ფრანგული კომპანიებისთვის ანკეტების დაგზავნამ, ამ გზით კომპანიების შიდა ანტიდისკრიმინაციული პროგრამების არსებობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მცდელობამ და შეხსენებამ, რომ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება, უკანონო დისკრიმინაციის შეწყვეტისა და დამსახურებაზე დაფუძნებული დასაქმების შესაძლებლობების აღდგენის შესახებ, შეუზღუდავად ვრცელდება აშშ-ის მთავრობის ყველა კონტრაქტორზე, ფრანგების აღშფოთება გამოიწვია.

პარასკევს, 28 მარტს, რამდენიმე ფრანგულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიგმა ფრანგულმა კომპანიებმა აშშ-ს საელჩოდან მიიღეს წერილი, რომელშიც ეკითხებოდნენ, ჰქონდათ თუ არა მათ შიდა ანტიდისკრიმინაციული პროგრამები. ამასთან, კომპანიებს შეახსენებდნენ, რომ „უკანონო დისკრიმინაციის შეწყვეტისა და დამსახურებაზე დაფუძნებული შესაძლებლობების აღდგენის შესახებ“ ტრამპის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანებიდან გამომდინარე, კომპანიებს, რომლებსაც ჰქონდათ შიდა ანტიდისკრიმინაციული პროგრამები,  შესაძლოა ხელი შეშლოდათ შეერთებული შტატების მთავრობასთან კონტრაქტების გაგრძელებაში და ბიზნესის კეთებაში.  

ფრანგული კომპანიებისთვის წერილების დაგზავნის შემდეგ საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის სამინისტრომ „ამერიკული ჩარევა“ დაგმო.  

„ამერიკის ჩარევა ფრანგული კომპანიების ინკლუზიურობის პოლიტიკაში, როგორიცაა გაუმართლებელი საბაჟო გადასახადების მუქარა, მიუღებელია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ მიმართვის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში..

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრის, ერიკ ლომბარდის ოფისმა „ფრანს პრესისთვის“ გაგზავნილ პასუხში განაცხადა, რომ „ეს პრაქტიკა ასახავს ამერიკის ახალი მთავრობის ღირებულებებს“, <ეს ღირებულებები> „არაა ჩვენი" და „მინისტრი ამას შეახსენებს კოლეგებს ამერიკის მთავრობიდან“.

მცირე და საშუალო საწარმოთა კონფედერაციის პრეზიდენტი ამირ რეზა-ტოფიგი გამოეხმაურა „მიუღებელ“ ინიციატივას, დაგმო „სუვერენიტეტზე თავდასხმა“ და პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლიდერებს „ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბებისკენ“ მოუწოდა. თავის მხრივ, შრომის გენერალური კონფედერაციის მდივანი მთავრობას მიმართავს თხოვნით, „მოუწოდოს კომპანიებს, არ განახორციელონ პოლიტიკა, რომელიც საზიანოა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობისთვის და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“.

შეუძლია თუ არა აშშ-ს ადმინისტრაციას მოსთხოვოს ფრანგულ კომპანიებს მისი კანონების დაცვა? „არა“, - ამბობს კრისტოფერ მესნუჰი, პარიზში დაფუძნებული ფირმა Fieldfisher-ის ამერიკელი ბიზნეს-იურისტი. მისი თქმით, ფრანგული კომპანიები ვერ იქნებიან ვალდებულნი გამოიყენონ სოციალური კანონი ან ფედერალური კანონი პოზიტიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ. მეტიც, საფრანგეთში პოზიტიური დისკრიმინაცია მხოლოდ წარმოშობის, რელიგიის ან ეთნიკურობის საფუძველზე „აკრძალულია“. თუმცა, გენდერული თანასწორობის კუთხით, 2021 წლიდან, 1000-ზე მეტი თანამშრომლის მყოლი კომპანიისთვის, საფრანგეთის კანონი მოითხოვს 30% ქალი-ხელმძღვანელის  და 30% ქალი-ხელმძღვანელი ორგანოს წევრის კვოტას  2027 წლისთვის და იმავე კვოტის გაზრდას 40%-მდე 2030 წლისთვის. შესაბამისად, კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ დაიცვან საელჩოს წერილში ჩამოყალიბებული მოთხოვნები, ფრანგული კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მოიქცევიან.