სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან მუშკუდიანმა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში ანტონ ობოლაშვილთან, სახელმწიფო რწმუნებულთან სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ახალციხის ახლად რეაბილიტირებული N5 საჯარო სკოლა  მოინახულეს.

ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის, 600 მოსწავლეზეა გათვლილი, პირველი კორპუსის სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

სკოლის ახლად რეაბილიტირებულ შენობაში მოწყობილია თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო, სპორტული და სააქტო დარბაზები. შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღჭურვილია ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით.

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება 5 000 000 ლარამდეა.