„გაერთიანებული ოპოზიციის “ ფოთის სააჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დარეჯან ცხვიტარიამ ბრიფინგზე ანონიმური წერილი გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით დაუდგენელმა პირმა ოფისის კარებთან დატოვა. წერილში წერია, რომ პორტში იძულებით, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხელმოწერებს აგროვებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან დათხოვნით იმუქრებიან. დარეჯან ცხვიტარია ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი ყველა სამსახურში ხდება. „კარზე კაკუნი გავიგეთ, გაიღო კარი, შემოაგდო ვიღაცამ წერილი და გაიქცა.აღტკინებული ადამიანის წერილია, რომელიც წერს, რომ სამი დღეა პორტში მიმდინარეობს თანამშრომლებზე ზეწოლა. ართმევენ პირადობებს, წინასწარ ინიშნავენ ნომრებს და ეუბნებიან, თუ სალომე ზურაბიშვილს არ მისცემ ხმას, გაგანთავისუფლებთ სამსახურებიდანო, თან ეუბნებიან, იმიტომ გართმევთ ამ პირადობას, რომ თქვენი მიცემული ხმა ყველა გაკონტროლდებაო. ეს არა მარტო პორტში ხდება, ყველა სამსახურებშია ასე. ამ წერილში წერია, რომ მიშას მიაწვდინეთო ხმა. ხალხი მიშასგან ელოდება შველას და არა ამ ხელისუფლებისგან და ამბობს, რომ ეს ტირანი ხელისუფლება ერთად გადავაგდოთო. მე ვეუბნები ამ ხალხს, ნუ გეშინიათ ხალხნო, მოდის ისეთი ხელისუფლება, ყველას უფლებები დაცული იქნება. ჩვენ არ გავარჩევთ სეგმენტებად ადამიანებს, მთავარია ქვეყანა წინ წავიდეს. საარჩევნო კაბინაში მათი კონტროლი არ არსებობს, იქ საკუთარ თავთან რჩებიან მარტო და ნუ შეეშინდებათ, სასურველი კანდიდატის ამოხაზვა“_ განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ. ამ ბრალდებაზე ფოთის საზღვაო ნავსადგურში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.