გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმების დიდი უმრავლესობით მიიღო დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ორი სახელმწიფოს შექმნისკენ მიმართულ კონკრეტულ, ვადებში შეზღუდულ და შეუქცევად ნაბიჯებს.
დეკლარაციას მხარი დაუჭირა 142-მა ქვეყანამ, 10-მა წინააღმდეგ მისცა ხმა და 12-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტი ასევე გმობს ისრაელის ქმედებებს ღაზის სექტორში და „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებს.
აღნიშნულია, რომ შვიდგვერდიანი დეკლარაცია გასული წლის ივლისში გაეროში გამართული საერთაშორისო კონფერენციის შედეგია, რომელიც საუდის არაბეთმა და საფრანგეთმა ორგანიზება გაუწიეს.
ისრაელი 142 წევრი სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ისტორიულ კენჭისყრას „სამარცხვინოს“ უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ დეკლარაცია „ჰამასს“ წაახალისებს და ომს გაგრძელებისკენ უბიძგებს.
საქართველოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
დეკლარაციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: არგენტინამ, აშშ-მა, ისრაელმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პალაუმ, პაპუა-ახალმა გვინეამ, პარაგვაიმ, ტონგამ, უნგრეთმა.
თავი შეიკავეს: ალბანეთმა, გვატემალამ, ეთიოპიამ, ეკვადორმა, კამერუნმა, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, მოლდოვამ, სამოამ, სამხრეთ სუდანმა, ფიჯიმ, ჩეხეთმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ.
აზერბაიჯანმა, სომხეთმა, უკრაინამ და რუსეთმა დეკლარაციას მხარი დაუჭირეს.