ფოთის საკრებულო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
დადგენილებაში, რომელიც მე-13 მოწვევის სხდომაზე იქნა მიღებული, მითითებულია, რომ დაუშვებელია ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, წამება, გაგდება, მიტოვება, დახრჩობა, გაგუდვა, მოწამვლა, ასევე დაუშვებელია ზოოფილური აქტები ცხოველებთან. ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსის, ნანა ხოშტარიას განმარტებით , ბოლო პერიოდში საზოგადოების წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას ცხოველთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გახშირებული ფაქტები, რამაც განაპირობა აღნიშნული წესის მიღების აუცილებლობა.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 30 მაისს მიღებულ იქნა დადგენილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ.
აღნიშნული დადგენილება შემუშავდა არასამთავრობო სექტორისა და ცხოველთა უფლებების დამცველთა რეკომენდაციების საფუძველზე.
ა(ა)იპ „საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ“, 2018 წლის 19 აპრილს დადგენილების პროექტით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესიები მოწესრიგებულიყო.
რის შემდეგაც დოკუმენტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიისგან განსახილველად მიიღო.
ბოლო პერიოდში საზოგადოების წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას ცხოველთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გახშირებული ფაქტები. ფოთის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება ადგენს იმ ქმედებების ნუსხას, რომელებიც წარმოადგენს ცხოველთა უფლებების უხეშ დარღვევას და საფრთხეს უქმის, ცხოველების სიცოცხლეს.
დადგენილებით მიღების მიზანია, შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა და მათი პოპულაციის მართვა თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით, ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა. დადგენილება შესაბამისობაშია საქართველო კანონმდებლობასთან, საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ხელშეკრულებებთან“_ განაცხადა ნანა ხოშტარიამ.
დადგენილების თანახმად, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ჩამდენ პირებზე გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა ცხოველი და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა.