ქუთაისში, "კინო საქართველოში"  ფილმი "მონაზვნის წყევლა" ქართულ ენაზე ნათარგმნი არ გავა, - ამის შესახებ ინფორმაციას  "კინო საქართველოს" ადმინისტრაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.  

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფილმის ქართულ ენაზე თარგმნა მორწმუნე ადამიანების რწმენისა და გრძნობების შეურაცხყოფაა. მათივე ინფორმაციით, ფილმი ეკრანზე რუსულ და ინგლისურ ენებზე გავა. 

"ტექნიკური ხარვეზის გამო ფილმ "მონაზვნის წყევლასთან" დაკავშირებული პოსტი წაიშალა, ვაქვეყნებთ იგივე პოსტს:

"27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ.

ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე.", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.