ბალდის კანიონის პროექტმა ტურიზმის სფეროს წამყვან კომპანიებსა და ამ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი დეტალურად გაეცნენ პროექტს და დადებითად შეაფასეს როგორც კონკრეტული სოფლისა და რეგიონის, ასევე საქართველოში ტურიზმის სფეროს განვითარების თვალსაზრისით. ტუროპერატორები და გიდები აღნიშნული პროექტის მნიშვნელოვან პერსპექტივას ხედავენ და მიაჩნიათ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სამეგრელოში ვიზიტორთა ნაკადი გაიზრდება.


 როგორც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ჯონი კაპანაძემ განაცხადა, საქართველოს აქვს პოტენციალი ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით, მსგავსი პროექტები კი, ამ პოტენციალის გამოყენებას ემსახურება.
„ჩვენ გავეცანით ბალდის კანიონზე მიმდინარე პროექტის თავისებურებებს და გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე და ბუნების ძეგლებზე. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი ეკო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით, ეს კარგია და ამას გამოყენება უნდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მსგავსი ტიპის პროექტებითა და ინვესტიციებით, შევძლოთ მაღალი დონის სერვისის მიწოდება და მიზიდულობის წერტილების შექმნა. ასე რომ, ყველა მსგავსი პროექტი მაღალი პროფესიონალიზმითა და სპეციალისტების ჩართულობით უნდა განხორციელდეს.


თუ დაცულ ტერიტორიებზე და ბუნების ძეგლებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ განვითარდება, რომლის საშუალებითაც ვიზიტორების მიღწევადობა უნდა გაიზარდოს, ეკონომიკური და შემეცნებითი თვალსაზრისით, ამ ობიექტებს ღირებულება არ ექნებათ. მსგავსი პროექტები ბუნებრივი ძეგლებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის გაზრდასაც უწყობს ხელს.
რაც შეეხება უშუალოდ სათავგადასავლო ტურიზმს, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია, “ - აღნიშნა ჯონი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონის პროექტზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კანიონი 350“ მუშაობს. მიმდინარე პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. კომპანიას ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილი - 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთი - 40-წლიანი იჯარით, კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოაწყოს 400 მეტრის სიგრძის ვიწრო საფეხმავლო ბილიკი, ასევე 370 მეტრზე მოეწყობა როლერის ატრაქცია, რომლის მეშვეობითაც, დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო და ადამიანი იქ ფიზიკურად ვერ მოხვდებოდა. ეს იქნება პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში. შესაბამისად, ბალდის კანიონი პირველად გახდება სრულად ხელმისაწვდომი და ვიზიტორებიც პირველად მიიღებენ როლერით დათვალიერების დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში,  სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით.