ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ასევე ცხვედაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

როგორც დღეს  თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები იწყება.

„პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, მეორე ეტაპზე კი ვაკის რაიონის გამგეობა გზის საფარს, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე მთლიანად განაახლებს. შედეგად, ერთკილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო იქნება.  პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 800 000 ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ვაკის რაიონის გამგეობა კიდევ ერთ პროექტს ცხვედაძის ქუჩის N60-ის მიმდებარედ ახორციელებს და გრუნტის დამჭერ კედელს აწყობს. 

„უსაფრთხოების მიზნით, აშენებული კედლის სიგრძე, დაახლოებით, 86 მეტრი, სიმაღლე კი 10 მეტრამდე იქნება.  მთლიანად ტერიტორიაზე 262 ხიმინჯი მოეწყობა და მათი საერთო სიგრძე  2 100 მეტრს შეადგენს. დამცავი კედლის მშენებლობის ღირებულება, დაახლოებით, 675 000 ლარი იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.