განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საჩხერის მუნიციპალიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში გასვლითი სხდომა გამართა.
სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის ინიციირების საკითხი განიხილეს, რომელიც „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
საკითხი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა სალიამ წარადგინა.
ინიციატივის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსა და სტიპენდიატებს კანონით განსაზღვრული ანაზღაურება გაეზრდებათ, ხოლო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა აირჩიოს წევრ-კორესპონდენტები.
საკითხის ინიციირებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
სხდომაზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ანგარიში დადებითად შეაფასა.
„ტრადიცია, რომელიც მუნიციპალიტეტებში კომიტეტის გასვლით სხდომებს გულისხმობს, აქტიურად გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო თვეების მანძილზე სხვა მუნიციპალიტეტებსაც ვეწვევით და გავეცნობით იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.