„შეჩერდეს ტერმინალის მშენებლობა“, „ შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა“- ამ სლოგანით ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლები მე-20 დღეა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობასა და ტრაილერების გადაადგილებას აპროტესტებენ. ისინი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
ტერმინალი მოსახლეობასთან ახლოს შენდება, რაც ხმაურს იწვევს და ადგილობრივებს ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. შეკრებილების განცხადებით, აღნიშნულ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენების გადამუშავება განხორციელდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მათივე თქმით, მშენებელ კომპანიას არა აქვს შესაბამისი დოკუმენტები. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
„ მე-20 დღეა ვაპროტესტებთ ტერმინალის მშენებლობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახლები, ჩვენი კარ-მიდამო. ასეთი გაუსაძლისი პირობა არსად არ გვინახია. მოგვხედონ და სათანადო ღონისძიებები გაატარონ. ჩვენ არ გავჩერდებით. შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა და ტერმინალის მშენებლობა,“- განაცხადა აქციის მონაწილე ნაირა მალანიამ.
მოსახლეობა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, ასევე მშენებარე კომპანიის წარმომადგენლები პირველივე დღიდან მზად არიან მოსახლეობასთან შესახვედრად, არაერთხელ შესთავაზეს კონსტრუქციულ გარემოში დიალოგი, თუმცა აქციის მონაწილეებმა არ მოისურვეს.