კომისიამ დარეგისტრირებული 15 საჩივრიდან 8 საჩივარი განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა, რამაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების უკმაყოფილება გამოიწვია. 

„დღეს გაიმართა საოლქო საარჩევნო კომისიაში 29 ოქტომბერს შემოსული საჩივრების განხილვა. ის რომ მათი მხრიდან იყო ხმაური, ბუნებრივია, რადგან თავიანთი აზრი ჰქონდათ კონკრეტულ საჩივართან დაკავშირებით, ჩვენ კანონის შესაბამისად, მუხლებით ვესაუბრებოდით და შესაბამისად, იყო ხმაური სხდომაზე. რაც შეეხება საჩივრებს, დღეს განვიხილეთ 8 საჩივარი, ეს ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს და ბევრი მოთხოვნა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა, თუმცა ყოველ წარმოდგენილ საჩივარში, ეს მოთხოვნა იყო მაგრამ არ იყო ის საფუძველი, რის საფუძველზეც შეიძლებოდა მომხდარიყო შესაბამისი უბნების, 23-ვე უბნის გადათვლა და შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა. ამით, საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა საჩივრების თემა და მიიღო გადაწყვეტილება და არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა",- განაცხადა ფოთის 70 -ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ.

ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლების თქმით,  მათ სხვა მოლოდინი არც ჰქონდათ.  „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავენ.  

„ისედაც ვიცოდით, რომ არ დაკმაყოფილდებოდა საჩივრები, იმიტომ რომ ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული ყველა უბანზე. საკრებულოს წევრები და მათი მშობლები იყვნენ ყველა უბანზე, იცავდნენ კბილებით და ის საჩივრები, რაც დაიწერა, ძირითადად იყო მათი ხარვეზები. ვიცოდით, რომ არ დააკმაყოფილებდნენ, ხმაური შესაბამისი იყო. ალბათ გადავინაცვლებთ სასამართლოში, რა მოჰყვება ესეც ვიცით, იქაც შერჩეული სამართალია, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ გარკვეულ შედეგს მივიღებთ",- განაცხადა ენმ-ს წარმომადგენელმა ანა ქავთარაძემ.

ცნობისთვის, ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინ  7  საჩივარი განიხილა და არცერთი არ დააკმაყოფილა.