ყვარელთან ერთად სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა, მუნიციპალიტეტის  სოფლებში პრობლემები შექმნა.

სტიქიამ, მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებთან ერთად, სასოფლო - სამეურნეო სავარგულები დაუზიანა. დაზიანებულია ელექტროსადენები და საყრდენი ბოძები, მოგლეჯილია ხეები, რამაც ჩახერგა საავტომობილო გზა.

,,სტიქიის პირველივე წუთებიდან, სტიქიის ზონაში  იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. ოპერატიულად მიმდინარეობს მოსახლეობის დახმარება, დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები. აღდგენილია სატრანსპორტო მიმოსვლა", - განაცხადეს ლაგოდეხის მერიაში.

ცნობისათვის, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა პრობლემები შექმნა ყვარელშიც. ძლიერი სეტყვის შედეგად რამდენიმე ასეულ ჰექტარზე თითქმის სრულად განადგურდა ვენახი.