14-15 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპინძლებს. ორი დღით, აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი. გასული წლის მსგავსად, წელს ფესტივალის ფარგლებში მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება.
მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. ფესტივალის ფარგლებში ასევე მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები, სოფლის ნობათი და კერძები იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალის სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები იზრუნებენ.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.









