​ფრანგი ძიუდოისტი, მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ტედი რინერი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აცხადებს. სპორტსმენი პოლიტიკურ ასპარეზზე „Ni de droite, ni de gauche“ (არც მემარჯვენე, არც მემარცხენე) პლატფორმით გამოდის.

ფრანგული მედიის ცნობით, 37 წლის სახელგანთქმულმა ძიუდოისტმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელებსა და პრესაში გააკეთა განცხადება. როგორც რინერი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული გამოწვევების ფონზე „მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღების დრო დადგა“ და „უკან დახევა გამორიცხულია“.​

საკუთარი კანდიდატურის დასახელებისას მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად პოლიტიკური გამოცდილების არქონისა, მისი მთელი ცხოვრება ბრძოლასა და მძიმე პირობებში გამარჯვებაზეა აგებული. სპორტსმენის განცხადებით, იგი მიზნად ისახავს საზოგადოების გაერთიანებას და პოლარიზაციის წინააღმდეგ ალტერნატიული, ძლიერი ხმის შექმნას.

„საფრანგეთს არ სჭირდება კარიერის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც მთელი დღე ლექციებს კითხულობს და კამათობს. მას სჭირდება საღი აზრი, სიმტკიცე, სამართლიანობა და სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს გამოასწორებს.  საფრანგეთის ფეხზე დასაყენებლად ამ ბრძოლას მე მაღლა, კაბინეტებში გამოკეტილი არ შევუდგები. ამას თქვენთან ერთად და თქვენს სასარგებლოდ გავაკეთებ“,  — განაცხადა მან.  

„შეხედეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქუჩებს, ჩვენს სოფლებს, ჩვენს უბნებს. ჩვენ დავუშვით შიშის, დანებებისა და საყოველთაოდ გავრცელებული ბედის ანაბარად მიტოვებულის განცდის დამკვიდრება“, -ამბობს ტედი რინერი.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მოელის, რომ მას„გიჟად“ შერაცხავენ.

„თუ თავის დახრაზე და ქაოსზე უარის თქმა გიჟს მხდის, მაშინ დიახ, მე ნამდვილად გიჟი ვარ“, — აცხადებს რინერი.

Le Parisien-თან ვრცელ ინტერვიუში ძიუდოს ლეგენდა დასძენს, რომ აპირებს გააგრძელოს სპორტული კარიერა და მონაწილეობა მიიღოს 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებშიც კი, „თუ ეს პოზიცია ამის საშუალებას მისცემს და თუ ფრანგი ხალხი ამის უფლებას მისცემს“.

ინტერვიუში ის განმარტავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება პარიზის ოლიმპიადის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, სადაც მან იხილა ჯერ „მთელი ქვეყნის გაერთიანება — სიამაყითა და ბედნიერებით — სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ კი — გახლეჩა“.
 


წყარო: franceinfo.fr

მოამზადა რაულ კაპანაძემ