„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, „გლობალური ომის პარტიას“ არ აწყობს აღნიშნული მიღწევა „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირდეს, ამიტომ პოლიტიკურ ველზე „ახალ ძალას“ - სალომე ზურაბიშვილს შემოიყვანს და შეეცდება,  მას მიაკუთვნოს ხელისუფლების ეს მიღწევა.

 „ოპოზიციის „რებრენდინგი“ და ახალი პროექტი - „სალომე ზურაბიშვილი“…

 მას შემდეგ, რაც მიშა კონტეინერით შემოაპარეს და რევოლუცია ვერ მოაწყო, სიმულაციით სამოქალაქო დაპირისპირება ვერ გამოიწვია და ის რეიტინგიც კი გაუქრა, რაც ფანტომურად ჰქონდა, ფაქტობრივად ჩამოწერეს საქონელივით.

 მეორე ფრონტის პროექტი  ჩავარდა და სტატუსით ვაჭრობამ „მაიდანი“ ვერ გამოიწვია, რუსული იარლიყების მიკერებამ კანონპროექტებზე სამოქალაქო დაპირისპირება ვერ აპროვოცირა, უკუპროპორციულად თვითონ დააზარალა ე.წ. გლობალური ომის პარტია.

აქედან გამომდინარე, ასეთი ფორმაციის რადიკალიზმმა და სტატუსით ვაჭრობამ ამოწურა საკუთარი თავი.

ამიტომაც, სტატუსს არა სახელმწიფო პოლიტიკის დამსახურებად, არამედ კონკრეტული პოლიტიკური აქტორების ძალისხმევად შემოსაღებას ეცდება „ომის პარტია“ და საკუთარი ადგილობრივი ფილიალის „რებრენდინგს“ შემოგვთავაზებს.

 პროექტი - „სალომე ზურაბიშვილი“ უკვე დაიწყო. შეაგროვებინებენ სიმბოლურ ხელმოწერებს და დიდი ზარ-ზეიმით ჩაატანინებენ ბრიუსელში.

 ეს, იმის დემონსტრირება იქნება, რომ პრეზიდენტმა ჩაიტანა ქართველი ხალხის ნება ევროპაში და დეკემბრის გადაწყვეტილებაც მისი ძალისხმევაა.

 პარალელურად, ხაზარაძეებს, გახარიებს, ლომჯარიებს, ხუხაშვილებს და ათასი რჯულის უსამშობლოს მიდენიან ცხვრებივით სალომესთან და მის გარშემო ეცდებიან შექმნან „სოლიდური“ ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც ექნება ფასადური იმიჯი, თუმცა ნულოვანი მხარდაჭერა მოსახლეობისაგან, რადგან ერთი ეგეთი პროექტი ფასადური იმიჯითა და ფსევდოევროპული ღირებულებებით იყო - „ვარდების რევოლუცია“.

 2003 წელს საქართველოში მოხდა ტრაგედია, რომლის მემკვიდრეობაც დღემდე მოუშუშებელია ქართველი ხალხისთვის და იგივე ანალოგი 2024 წელს იქნება ფარსი, რადგან ქართველი ადამიანის ბუნებას ცუდად იცნობენ - ბევრჯერ დაუშვებს შეცდომას, მაგრამ ერთხელ გადაგდებულ „აგენტოკრატების“ უღელს უკან აღარ დაიდგამს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.