"ორი დღეა, მამუკა ხაზარაძე მოგვევლინა „ქველმოქმედად“. სამ დევნილს ბინა აჩუქაო, გაჰკივიან პარტ-მედიები თუ სააგენტოები... არადა, გახსენდება ადამიანს, ხაზარაძის ბანკის მიერ, წლების განმავლობაში სახლებიდან გამოყრილი, ღია ცის ქვეშ დატოვებული, დაწიოკებული ოჯახები... უცებ გაგიელვებს თავში, ნეტავ შეინანა და ადამიანურ საქმიანობას მიჰყო ხელი, როგორი მეტამორფოზაა?" - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, პარტია "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის მიერ  სამეგრელოში 3 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის ჩუქებას.

"თუმცა... ჰოი საოცრებავ, ხაზარაძის დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, აუქციონში მიიღო მონაწილეობა და დათქმული წესის მიხედვით, დაევალათ კონკრეტული დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფა...

ჰოდა, ამ  ჩარჩმაც, ვალდებულებით გასაცემი ბინები, ქველმოქმედებად შემოგვასაღა. ზუსტად ისე, როგორც ანაკლიაში შემოჰყავდა ბრიტანელი ინვესტორები და ბოლოს ყაზახურ-რუსული კომპანიები აღმოჩნდნენ.

ტიპი არის 21-ე საუკუნის „აღა გეორქა“... ჩარჩი, რომელიც ყველაფერში საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს იკმაყოფილებს. ბიზნესვალდებულებებს ქველმოქმედებად გვასაღებს...

"ლელო“ კი არ უნდა ერქვას „აღა გეორქას“ პარტიას, შპს „ქარვასლა“ მოუხდება , უფრო ავთენტური იქნება", - წერს ზურაბ ქადაგიძე.