„არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ 24 თებერვალს რაღაც მორჩება. 24 თებერვალს არაფერი არ მორჩება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაიწყება - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძემ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 24 თებერვალს მოხდება დაფიქსირება იმისა, რომ „უთავმოყვარეო ყოფა, რომელშიც გვამყოფებს ხელისუფლება, არ არის საქართველო“.
მისივე თქმით, „ოცნების“ წევრები საუბრობენ, რომ 24 თებერვალს ქვეყნის არევას გეგმავს ოპოზიცია, თუმცა „არაფერი მსგავსი არ მოხდება“.
„არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ 24 თებერვალს რაღაც მორჩება. 24 თებერვალს არაფერი არ მორჩება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დაიწყება. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ქუჩაში უნდა იყოს პროცესები, აზრი არ შემიცვლია, საბოლოო ჯამში ქუჩაში პროტესტი, მათ შორის მწვავე პროტესტი, ხელის შეშლა, პარალიზება, ეს არის გზა, ოღონდ 24 თებერვლის ამბავი, ეს არ არის. 24 თებერვალი არის უკრაინის სოლიდარობის აქცია, მთავარი ამბავი არის ეს, მათ შორის მხარდაჭერა ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც უკრაინაში არიან და დაფიქსირება იმისა, რომ უთავმოყვარეო ყოფა, რომელშიც გვამყოფებს ხელისუფლება, ეს არ არის საქართველო. ზღაპრებს რომ ჰყვებიან „ოცნებაში“, რომ „ო, ახლა ეგენი არევას აპირებენ, არაფერი მსგავსი არ ხდება“.
გამოსავალი არის ალტერნატივის ჩვენებაში. ალტერნატივა უნდა იყოს გამოხატული როგორც ხედვებში, ისე ადამიანებში, რომელსაც რაღაც ნდობა ექნებათ. ხომ ხედავთ, რომ ადამიანებს ამ პოლიტიკური სპექტრის მაინც და მაინც ნდობა არ აქვთ. ადამიანებია საჭირო, რომელსაც ხალხი ენდობა, ხედვებია საჭირო, რომ ამას გავაკეთებთ და ამის პარალელურად, მე არ მჯერა, რომ თუ ქუჩაში ბევრი გაბრაზებული ხალხი არ იქნება, ჩვენ შევძლებთ ამ სისტემის დამარცხებას. ეს არის ტიპური საბჭოთა მონსტრი, რომელსაც ჩვენ ახლა ვებრძვით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.