რამდენადაც ვიცი, 24 თებერვალს თბილისში უკრაინელების აქციაა და მე ვაპირებ, რომ იქ ვიყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეუერთდება თუ არა სამი ოპოზიციური პარტიის („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) მიერ 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ სამ პარტიასთან ერთად არც ერთი აქციის ორგანიზატორი არ არის.
„24 თებერვალს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დღე და მე რამდენადაც ვიცი, ამ დღეს ჩვენ ქვეყანაში მცხოვრები უკრაინელი დევნილების აქციაა და მე პირადად ვაპირებ, რომ მაგ აქციაზე წავიდე. პარტიულად, რა თქმა უნდა, ამ სამ პარტიასთან ერთად, ჩვენ არც ერთი აქციის ორგანიზატორები არ ვართ. მოქალაქეები ამ დღეს უკრაინის მიმართ საკუთარ სოლიდარობას გამოხატავენ ყველანაირი მშვიდობიანი ფორმით. მე პირადად, რამდენადაც ვიცი, უკრაინელების აქციაა თბილისში, რომლებთანაც ჩვენ ბევრ საკითხში ვთანამშრომლობთ და მე ვაპირებ, რომ იქ ვიყო,“ - განაცხადა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა („დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი და უკრაინის სოლიდარობის აქციას დააანონსეს.