"26 ოქტომბერს ნამდვილად გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და ნამდვილად დამარცხდება ქართული ოცნება. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი და ეს ყველა გამოკითხვაში მკაფიოდაა გამოხატული", - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი
„ფაქტია, 12 წლის განმავლობაში ქვეყანა უკან წავიდა და ათასობით ადამიანი გადის ქვეყნიდან, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რა ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა საქართველო. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გაურბის ხალხის პრობლემებზე საუბარს და ხალხის პრობლემები საყოველთაოდ ცნობილია: მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი, რაც ადამიანებს ოჯახის რჩენის საშუალებას არ აძლევს, შედეგად კი ვიღებთ კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობას, ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს.
ამ ფონზე, ბუნებრივია, „ქართულ ოცნებას“ ვერ ექნება ვერანაირი დიალოგი ხალხთან, რადგან ასეთი მძიმე მდგომარეობის ახსნა არის ერთადერთი: კორუფციული სქემები „ქართული ოცნების“მხრიდან, კლანები, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას და ასეთ ფონზე ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის ძალადობა, საზოგადოების დაშინების მცდელობა. „ქართული ოცნება“ ავლენს სისუსტეს, რადგან გრძნობენ მოახლოებულ წაგებას, ხედავენ, რომ ამ არჩევნებში მარცხდებიან და სასოწარკვეთილნი ცდილობენ, თავიანთი მომხრეების მცირე ნაწილს მაინც გაუკეთონ მობილიზება იმ აგრესიული, ძალადობრივი, დაპირისპირების გაღვივებაზე გათვლილი რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ვისმენთ. ამას მათთვის სასურველი არანაირი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და ეს გამოჩნდება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.