„დასავლეთი და აშშ იცავს და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს და წუხს ისეთი ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სხვა გზას “ქართული ოცნება” ჩვენს მეგობრებს არ უტოვებს.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ შეშფოთებულია იმ გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც მთავრობამ ბოლო თვეებში მიიღო
საქართველოს მომავლის ხედვა “ქართულმა ოცნებამ” გვითხრა 29 აპრილს ივანიშვილის პირით. ივანიშვილმა 29 აპრილს საქართველოს მოქალაქეებს გამოუცხადა, რომ მას საქართველო წარმოუდგენია დასავლეთისგან იზოლირებული და ავტორიტარული ქვეყანა, რომლის მკაფიო ნიშანი არის რუსული კანონი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გაუქმებულია ქართველი ხალხის ნება და ქართველი ხალხის ნება და სუვერენიტეტი გამოიხატება ორ ბაზისურ რამეში - პირველი ეს არის აირჩიოს ხელისუფლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში და მეორე, ქართველმა ხალხმა სწორედ ასეთ არჩევნებში არჩეული ხელისუფლების მეშვეობით გაატაროს ის საგარეო კურსი, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას.
ორივე მიმართულებით ივანიშვილი აუქმებს ქართველი ხალხის ნებას და სუვერენიტეტს. დასავლეთი და შეერთებული შტატები სცემს პატივს ხალხების ნებას, სუვერენიტეტს და საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი მხარდაჭერილია და დგას სწორედ იმ საერთაშორისო წესრიგზე, რომლის გარანტია შეერთებული შტატები და რომელსაც ანგრევს რუსეთი. აქედან გამომდინარე, დასავლეთს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გადადგას ის ნაბიჯები, რასაც ის დგამს, არ გააჩნია, რომ დაიცვას პირველ რიგში სწორედ ქართველი ხალხის სუვერენიტეტი და უფლება აირჩიოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხელისუფლება.
დასავლეთი წუხს ასეთი ნაბიჯების გადადგმის გამო და კარგად ესმით, რომ ამ ნაბიჯების ნაწილმა შეიძლება დააზარალოს საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სხვა გზას “ქართული ოცნება” ჩვენს მეგობრებს არ უტოვებს.” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა