ვენეციის კომისიამ გენდერული კვოტების გაუქმებასა და ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე მოსაზრებები გამოაქვეყნა.
„ვენეციის კომისია კვლავ ხაზს უსვამს, როგორც ეს მანამდე გააკეთა, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილებების პრაქტიკა რისკის ქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და სახელმწიფოს მუდმივ ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, „კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, აღიარებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში დაადასტურა დროებითი გენდერული კვოტების კონსტიტუციურობა.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ გააუმჯობესოს გენდერული თანასწორობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში, მათ შორის პარლამენტში, დადასტურდა, რომ გენდერულ კვოტას შეუძლია, ძლიერად იმოქმედოს ქალთა საპარლამენტო წარმომადგენლობაზე და ისინი არ ეწინააღმდეგებიან თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს, თუ მათ აქვთ კონსტიტუციური საფუძველი, როგორც საქართველოში.
ციფრები გვიჩვენებს, რომ ქალთა წარმომადგენლობა ქართულ პოლიტიკაში მართლაც გაიზარდა სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღების შემდეგ, მაგრამ მეტი წინსვლაა საჭირო. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 19,1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2021 წლის არჩევნების შემდეგ ადგილობრივ საბჭოებში – 24%-მდე. თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა რეკომენდირებული ევროპული სტანდარტისგან, რომელიც გულისხმობს ქალების ან მამაკაცების 40% წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
2020 წლის ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებდა გენდერული კვოტების შემოღებას საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატთა სიებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური წახალისება, შეესაბამებოდა ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს, მაგრამ ისინი ახლა გაუქმებულია სხვა ფინანსური ზომებით ჩანაცვლების გარეშე, რომელიც ქალი კანდიდატების არჩევას შეუწყობდა ხელს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვენეციის კომისია რეკომენდაციას უწევს სპეციალური დროებითი ზომების მიღებას პარლამენტში და ადგილობრივ საბჭოებში (საკრებულოებში) ქალთა წარმომადგენლობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა გენდერული კვოტების ან სხვა აღიარებული მეთოდების ხელახალი შემოღება ქალი კანდიდატების არჩევისთვის, რათა არჩეული ქალების ამჟამინდელი პროცენტები მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში ამ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი დახმარების გასაწევად“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.
რაც შეეხება ცესკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ვენეციის კომისიის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია შეშფოთებულია იმის გამო, რომ მისი არცერთი რეკომენდაცია არ იქნა გათვალისწინებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, თუნდაც ნაწილობრივ.
„კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ახლა მიღებული ცვლილებები აშკარად არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადამწყვეტია ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის, ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის. ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკავშირდება ვაკანტური თანამდებობების შევსების ახალ ანტიჩიხურ მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს კენჭისყრის ორი დამატებითი რაუნდის შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, კანდიდატები შეიძლება აირჩიონ უბრალო უმრავლესობით და რაც აჩენს საფრთხეს, რომ მხოლოდ მმართველ პარტიას შეეძლება, აირჩიოს ცესკო-ს (უპარტიო) წევრები და თავმჯდომარე.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპის საწინააღმდეგოდ, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ნაკლებ პერიოდში მიღებულ იქნა ცვლილებები საარჩევნო კანონის ასეთი ფუნდამენტური ელემენტების შესახებ. თავის თავდაპირველ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემდეგ არჩევნებთან მიმართებით ერთწლიანი ვადიდან გადახვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ დაკმაყოფილდება ამ მოსაზრებაში მოცემული ძირითადი რეკომენდაციები, უფრო ფართო მხარდაჭერასთან ერთად, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან. თუმცა ეს ორი პირობა მიღების შემდგომ პროცესში არ იქნა შესრულებული. გასაოცარია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენლის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიის და ODIHR-ის არცერთი შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული ამ პროცესში.
შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა რეკომენდაცია ჯერ კიდევ არ იქნა გათვალისწინებული და რომ არჩევნები კვლავ ჩატარდება საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, რომელსაც ისევ აქვს მთელი რიგი ხარვეზები. ვენეციის კომისია იმეორებს თავის რეკომენდაციებს, რომლებიც გამოქვეყნებულია თავდაპირველ მოსაზრებაში, მათ შორის საერთო მოწოდებას უფრო ყოვლისმომცველი რეფორმის შესახებ, ხშირი, შეზღუდული ცვლილებების ნაცვლად.
ვინაიდან საქართველო მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გასაგრძელებლად, კომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენონ ეს, როგორც იმპულსი დემოკრატიული პროცესის შემდგომი გაძლიერებისათვის. ყველა სახელმწიფომ უნდა დაინახოს დემოკრატია, როგორც დინამიკური პროცესი, რომელიც საჭიროებს დიალოგს ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის ფარგლებში, რომელშიც ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და ხელს უწყობს ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის თანამშრომლობის სულისკვეთებას საერთო სიკეთისთვის“, – აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.
თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ცნობისთვის, პარლამენტი დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსზე დადებულ ვეტოს დღეს განიხილავს და დაძლევს.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 11-გვერდიანია.
პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში ეუთო/ოდირ-ის მიერ საქართველოსთვის მიცემულ რეკომენდაციებს მიმოიხილავს და ვეტოს გამოყენებასაც ამ ჭრილში ხსნის.
„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ისევ შეზღუდულია საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესების პროცესში. 2024 წლის 20 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებში იმის დამატება, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი – ჯერ 3/5-ით, ხოლო შემდეგ 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, საკითხი გადაეცემა პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არსებითად ვერ ცვლის პრეზიდენტის ჩართულობის ხარისხსა და როლს, რადგან ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ საქართველოს პარლამენტი 1/2-ის უმრავლესობით ორჯერ ვერ შეძლებს კანდიდატის არჩევას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.
ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, „საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, 2024 წლის პირველ მაისამდე გამოაცხადოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატისა და ცესკო-ს ყველა იმ არჩეული წევრის თანამდებობაზე განსაწესებელი ცესკო-ს წევრობის კანდიდატების შესარჩევი ღია კონკურსი, რომლის უფლებამოსილების 6-თვიანი ან 5-წლიანი ვადაც გასულია ან 2024 წლის პირველ მაისამდე გადის და შექმნას ამ კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისია. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, გაგრძელდეს შესაბამის პირთა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს აღნიშნული წევრების თანამდებობებზე განწესებისთვის დადგენილი სათანადო პროცედურები“.