ვენეციის კომისია ე.წ. "აგენტების კანონზე" მოსაზრებას აქვეყნებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული "კომისიის კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება".
ვენეციის კომისიის განცხადებით, ე.წ. "აგენტების კანონით" დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის რიგ მუხლებთან.
"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართვის საფუძველზე ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" სასწრაფო პროცედურებით შეაფასა. ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა, საქართველოს პარლამენტი კომისიის აზრს არ დაელოდა და ისე მიიღო კანონი.
ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ ეს კანონი, რომელიც მგრძნობიარეა ადამიანის უფლებების მიმართ, მაგრამ ასევე უაღრესად საკამათოა ქართულ საზოგადოებაში, რასაც მოწმობს ქვეყანაში მასიური რეაქცია, მიღებულ იქნა ისეთი პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა ადგილს ჭეშმარიტი დებატებისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის. ის მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოტების ღიად იგნორირებით.
ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, რადგან 2023 წელს ანალოგიურ კანონპროექტზე გამოხმაურებამ აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ახლა აშკარა აუცილებლობა იყო ჩაეტარებინა მნიშვნელოვანი კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებსა და მაუწყებლებთან. ეს პროცესი არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს.
ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, მსგავს საკითხზე მის მრავალ წინა მოსაზრებებში შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით. იგი ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-8 მუხლის მე-2, მე-10 მუხლის მე-2 და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტებში დადგენილ მკაცრ ტესტთან და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის (ICCPR) მე–17 მუხლის მე-2, მე–19 მუხლის მე–2 და 22–ე მუხლის მე–2 პუნქტებში დადგენილ წესთან, რადგან ეს შეზღუდვები არ აკმაყოფილებენ კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ისევე, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, რომელიც გაწერილია ECHR-ის მე-14 მუხლში.
კანონის მიხედვით, უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად მონიშვნას სერიოზული შედეგები აქვს, ვინაიდან ეს ძირს უთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე მათ ოპერირებას. რეგისტრაციისა და ანგარიშგების მოთხოვნების ერთობლივი გავლენა (მათ შორის, ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება), რომელიც ზღუდავს დაფინანსებაზე წვდომას სტიგმატიზებული ასოციაციებისთვის, მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან და მუდმივ კონტროლთან ერთად უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ეფექტურ ფუნქციონირებას და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატური დაბრკოლებები შემზარავ შთაბეჭდილებას ქმნის.
კანონი, რომელიც მიზნად გამჭვირვალობას ისახავს, საწინააღმდეგო ეფექტს ახდენს ასოციაციებისა და მედიების სტიგმატიზების, გაჩუმების და საბოლოოდ ლიკვიდაციის რისკით, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. იქმნება ძლიერი რისკი იმისა, რომ ეს კანონი უარყოფით გავლენას იქონიებს ისეთ ასოციაციებსა და მედიებზე, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას. მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია კატეგორიულად ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი განაცადოს უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგების და საჯაროდ გამჟღავნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის ადმინისტრაციულ სანქციებზე.
მაშინ, როცა საქართველოს მოქმედი კანონი უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც ავალდებულებს ორგანიზაციებს რეგისტრაციას და ანგარიშგებას, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, არ არის მოწოდებული დამაჯერებელი ახსნა იმის შესახებ, თუ რატომ იქნება არასაკმარისი არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, თუ არსებული კანონმდებლობა არ აღმოჩნდება ადეკვატური, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობისტური) საქმიანობა შეიძლება დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
დასასრულს, ვენეციის კომისიის კატეგორიული რჩევაა, ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმება, რადგან მის ფუნდამენტურ ნაკლოვანებებს ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში ამ კუთხით შემდგომი დახმარებისთვის", – ნათქვამია დოკუმენტში.